მუზეუმი

XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, ახალი სახლის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის მან მიმართა ახალგაზრდა, წარმოშობით შვედ არქიტექტორს ოტო სიმონსონს, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას და შეძლო აეშენებინა ისეთი შენობა, რომელშიც მშვენივრადაა შეხამებული ევროპული და ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციები.

1876 წელს, როცა იაგორ თამამშევმა თავისი შვილიშვილი ელისაბედი მიხეილ სმირნოვზე გაათხოვა, ეს სახლი მას მზითვად გაატანა. მიხეილ სმირნოვი ალექსანდრა და ნიკოლოზ სმირნოვების უმცროსი ვაჟი გახლდათ.

მას შემდეგ თბილისელები ამ სახლს მოიხსენებენ, როგორც “სმირნოვების სახლს”. მის კედლებში იცხოვრა ძველი რუსი თავადების საგვარეულოს სამმა თაობამ, რომლებთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის ისტორიისა და კულტურის მრავალი ფურცელი. მათ წარუშლელი კვალი დააჩნიეს კავკასიოლოგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ამ სახლიდან წარმოებდა მიმოწერა მსოფლიოს მრავალ გამოჩენილ მეცნიერთან და კულტურის მოღვაწესთან. ადამიანი, რომელიც ამ სახლში მოხვდებოდა, მაშინვე გრძნობდა მის განუმეორებელ ატმოსფეროს. აქ ხომ პუშკინის ეპოქის რელიკვიების გვერდით ლაიპციგიდან 1903 წელს ჩამოტანილი მიკროსკოპის ნახვაც შეიძლებოდა, თაროებზე კი განთავსებული იყო XVIII-XIX საუკუნეების წიგნები იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე, აგრეთვე ლიტერატურული ჟურნალების უახლესი ნომრები. საინტერესო იყო აქ მიმდინარე ცხოვრებაც. თუ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში სახლი ეკუთვნოდა ჯერ თამამშევებს, ხოლო შემდგომ სმირნოვებს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921 წ.) მასში მრავალი ოჯახი შეასახლეს. სახლის ფართო დარბაზები გადატიხრეს და კომუნალური ბინები შექმნეს. გარვეული დრო თავად სახლის პატრონებსაც მოუწიათ სახლის დატოვება. XX ს-ის 50-იან წლებამდე სმირნოვები მომიჯნავე სახლის (გალაკტიონის №22) მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. იმ წლებში წარმოუდგენელი იყო ფიქრი სახლის პირვანდელი სახით აღგენაზე.

1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება და სმირნოვების სახლში ლიტერატურული ურთიერთობების სახლი და პუშკინის მემორიალი შექმნა.

ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონი

მუზეუმის ექსპონატების ძირითადი ნაწილი პუშკინის ეპოქას განეკუთვნება. ეს არის პეტერბურგში ცნობილი ლიტერატურული სალონის ავეჯი და სხვა ნივთები. ამ სალონის დიასახლისმა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტმა წარუშლელი კვალი დატოვა XIX საუკუნის კულტურაში, მისი მემუარები XX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა. ბოლო 1989 წლის გამოცემა შევიდა მეცნიერებათა აკადემიის სერიაში “ლიტერატურული ძეგლები”. ეს არის 600 გვერდიანი თხზულება, სადაც მკითხველი ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის თანამედროვეთა არაერთ ცნობილ სახეს შეხვდება.

როგორც მისი თანამედროვენი იგონებენ, მას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ინგლისურ ენებს, დამოუკიდებლად ისწავლა ძველი ბერძნული და ებრაული ენები, რათა ორიგინალის ენაზე წაეკითხა ეკლესიის მამათა ნაწერები. ა. პუშკინი მაღალ შეფასებას აძლევდა რუსული ენის მისეულ ცოდნას.

ჩვენი ახალი წიგნი
No payment method connected. Contact seller.