შეუძლებელია მავანი ქართველი ნამდვილად იყოს დაჯილდოებული სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ნიჭით, პოლიტიკური აზროვნების უნარით, და არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ საქართველო კავკასიის ორგანული და უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ამ ნაწილს თუნდაც მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისათვის აუცილებლად შემუშავებული უნდა ჰქონდეს რეგიონული განვითარების კონცეფცია ანუ კავკასიური პოლიტიკა. რადგან მდგრადი განვითარება აუცილებლად გულისხმობს რეგიონულ განვითარებას: ანუ მეზობელ ქვეყნებთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ყველა დონეზე და ზრუნვას იმისთვის, რომ განვითარდე არა მხოლოდ შენ, არამედ შენი მონათესავე ხალხებიც, შენი მეზობელი ქვეყნებიც, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია პატარა და სუსტ ქვეყნებზე, რომლებიც შეადგენენ დღევანდელ კავკასიას, და რომლებიც ცალ-ცალკე, ერთმანეთთან მტრული თუ გულგრილი ურთიერთობის პირობებში უბრალოდ ვერ იარსებებენ. ყველა კეთილგონიერი და შორს მხედი ადამიანისათვის, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ დიასახლისი, სრულიად ცხადია, რომ ბნელში მყოფი, მშიერი და გამწარებული მეზობლის გვერდით სიმშვიდეს არ უნდა ელოდე, თუნდაც შენ საერთოდაც არ იყო მისი ბედუკუღმართობის მიზეზი.

მეზობელი ოჯახი იქნება ეს, ხალხი თუ ქვეყანა – არის ბედისწერა. იგი ნათესავზე მეტ გავლენას ახდენს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, და მასთან ურთიერთობა მოითხოვს დიდ დიპლომატიასა და კეთილ ნებას, რათა დამღუპველად არ იქცეს არათუ კარის მეზობლებისთვის, არამედ მთელი სამეზობლოსთვის.

აქედან გამომდინარე, თუ შენი მეზობელი, შენის აზრით, შენზე უფრო ჩამორჩენილია, ნამდვილად უაზრობაა ცხვირის აბზუება, მისი დამცირება, საკუთარი ღირსებებით ყოყლოჩინობა და სურვილი: დათრგუნო და გააღიზიანო იგი საკუთარ კულტურულ, რიცხობრივ თუ მატერიალურ უპირატესობათა ყოველწუთს სახეში მიხლით, გაუთავებელი ზემოდან ყურებით. ამიტომ: ერთადერთი სწორი საქციელი ის იქნება, თუ უფრო განვითარებული ადამიანი თუ სახელმწიფო შეეცდება რაიმენაირად დაეხმაროს მეზობელს, რომ მან თავი დააღწიოს გაჭირვებას, ეზიაროს განათლებას, რათა მოხდეს სხვადასხვა ხალხების თუ ქვეყნების კულტურულ-ცივილურ დონეთა დაახლოება ერთმანეთთან, იდეალურ შემთხვევაში მათი გათანაბრება. რადგან:
მხოლოდ თანაბარ კულტურულ დონეებზე დაშენებული საერთო სასიცოცხლო ინტერესები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზედაც ხორციელდება ნამდვილი დიალოგი და თანამშრომლობა. იკვეთება ყოველმხრივი განვითარების პერსპექტივები.

მაგრამ, მოხდა ყველაზე უარესი, რაც სამწუხაროდ, კანონზომიერი იყო: როგორც დღეს უკვე ყველასათვის ცხადია, საბჭოთა იმპერიის დაშლას საქართველო, განსხვავებით ბალტიის რესპუბლიკებისაგან, ინტელექტუალურად სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა არავინ უშლიდა, ამისთვის მომზადებულიყო. ეს მოუმზადებლობა ყველაზე ფატალურად გამოვლინდა სწორედ განსხვავებულ ფენომენებთან, სხვა ხალხებთან ურთიერთობის აღარცოდნაში, ანუ საქართველო აღმოჩნდა განძარცვილი იმ გამოცდილებისა და ცოდნისაგან, რაც შეადგენდა მისი სახელმწიფოებრივი გონიერების მთავარ განძს: საქართველოს არ აღმოაჩნდა პოლიტიკური აზროვნებისა და პატრიოტიზმის ის მარაგი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა თავიდან აეცილებინა სისხლიანი კონფლიქტები უახლოეს ხალხებთან, ტერიტორიების დაკარგვა და ა. შ. რაც ყველაზე საგანგაშოა: პოსტსაბჭოთა პერიოდის კრიზისმა და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში განცდილმა მარცხმა ვერ უბიძგა ქართული საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს გაეცნობიერებინა თავისი ზნეობრივი და პოლიტიკური შეცდომები, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ კავკასიური პოლიტიკის არქონა, რისი შედეგიცაა ის, რომ საწინააღმდეგოდ თავისი ისტორიული მისიისა, საქართველო გადაიქცა შიდაკავკასიური კრიზისა და კონფრონტაციის მიზეზად: აფხაზებთან და ოსებთან წამოწყებული ომების შედეგად და არა მხოლოდ ამის გამო.

რაც შეეხება საქართველოს ფუნქციას დანარჩენ კავკასიასთან მიმართებაში, ცნობილია, რომ საქართველოს მოაზროვნე ელიტას ოდითგან ჰქონდა გაცნობიერებული კავკასიური ერთიანობის სასიცოცხლო აუცილებლობა: ცხადი იყო, რომ პატარა ქვეყანა, რომელიც უზარმაზარი უცხო ძალების ინტერესს წარმოადგენდა, უახლოესი ქვეყნების მტრულ გარემოცვაში ვერ იარსებებდა. ისევე, როგორც ის იყო ცხადი, რომ მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყანა განსხვავებულ ეთნოსთა და რელიგიათა მიმართ ნამდვილი და არა ნათამაშევი პატივისცემისა და მათთან მეგობრობის გარეშე ვერ გადარჩებოდა. ამიტომ იყო ეს პოლიტიკური ცნობიერება – სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილი. საკმარისია გავიხსენოთ უაღრესად მრავლისმეტყველი პასაჟი საუკუნის ქართველი მემატიანის – ლეონტი მროველისა: სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ კავკასიის ხალხები ერთი მამის – თარგამოსის შვილები არიან; ან არაჩვეულებრივი თქმულება მცხეთელი და-ძმის – ებრაელი ელიოზის და სიდონიას შესახებ, რომელთაც უკავშირდება ქრისტიანობის პირველი შემოსვლა საქართველოში, რაც ემსახურებოდა იმას, რომ ქრისტიანებსა და სპარსებს შორის დაპირისპირება არ გაჩენილიყო. ან ილიას ქრესტომათიული: “ხალხი აღმსდგარა, ხალხი ღელავს, ხალხი ბობოქრობს, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ფიქრობს და ეს ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება”.
ის, რაც 1989 წლიდან მოკიდებული საქართველოში ხდებოდა არაქართველი ეთნოსების და კავკასიელი ხალხების მიმართ, თავიდან ბოლომდე იყო დესტრუქცია: დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, კავკასიელი ხალხების ფსიქიკის, სულიერი წყობის უცოდინარობა.
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მტრად მოგვეკიდებინა უახლოესი ხალხები და დაგვეკარგა ტერიტორიები, რაც სრულიად ბუნებრივი ჩანს იმ ფონზე, როცა ქართველი ხალხი თვითონ ძარცვავს თავის ქვეყანას, ხალხის ერთი ნაწილი მეორეს და ა. შ.

დღევანდელ დღემდე ისტორია უძლური რჩება, გააგებინოს საქართველოსა და კავკასიას, რომ კავკასიელი ხალხების მიერ ერთმანეთის დასუსტება არის მათი უბედურების მთავარი მიზეზი. შესაბამისად: ერთმანეთის გაძლიერება იქნება ხსნა. ისტორიამ ვერ გააგებინა კავკასიელ ხალხებს, რომ არ ღირს რუსეთთან ომი, რადგან ამოწყდები; რომ რუსეთს ვერ გამოიყენებ მეორე კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ ისე, რომ თავად არ დაზიანდე. ამის შედეგად დასჯილია ყველა კავკასიელი ხალხი: დასჯილები არიან ქართველები, რომლებმაც ვერ იპოვეს საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან და წამოიწყეს მათთან სამხედრო კონფლიქტი, ამყარებდნენ რა რაღაც ბუნდოვან იმედებს დასავლეთზე; დასჯილები არიან სომხები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ყარაბახის პრობლემას რუსეთის საშუალებით გადაწყვეტდნენ, ამით აღასრულეს რუსეთის ნება, ხელი შეეშალა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკათა პოტენციური კონსოლიდაციისათვის; დასჯილები არიან აფხაზები და ოსები, რომლებმაც გადაწყვიტეს რუსეთის საშუალებით გამოყოფოდნენ საქართველოს, და ამით ხელი შეუწყეს საქართველოს დანაწევრებას; დასჯილები არიან ჩეჩნები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ შუამავალთა და შემრიგებელთა როლი ქართველ-აფხაზთა შორის, ომი დაიწყეს აფხაზთა მხარეს ქართველთა წინააღმდეგ, რითაც ხელი შეუწყეს უფსკრულის გაჩენას საქართველოსა და ჩრდილოკავკასიას შორის, ამის შემდეგ რუსეთისთვის ფსიქოლოგიურად უფრო ადვილი გახდა ჩეჩნეთის განადგურება… და ა. შ.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი: ძალმომრე, ვერაგული ანუ უზნეო პოლიტიკა მთელ კაცობრიობას მოუღებს ბოლოს, ყველაზე ადრე კი ჩვენნაირ ინფანტილურ, აწეწილ და ქაოტიურ ქვეყნებს აღგვის პირისაგან მიწისა.

ჩვენი კავკასიური პოლიტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკა, ისევე როგორც საერთოდ, ქვეყნისა და ხალხის ცხოვრების წესი, უნდა იყოს ნამდვილად სამართლიანი და კეთილგონიერი.

ნუ მოგვატყუებს ამა ქვეყნის ძლიერთა თუ სუსტთა ქარაფშუტობა და დემაგოგია, თითქოს ფიზიკურ ძალასა და ოსტატურ ხრიკებში იყოს ხსნა. თითქოს პოლიტიკა – ვირტუოზული უზნეობა, სხვისი მოტყუებისა და გადაყლაპვის ბნელ ტექნოლოგიად უნდა დარჩეს.

სწორედ ჩვენნაირმა, ესოდენ მწარედ დასჯილმა, დაშლილმა და დაქვეითებულმა ქვეყნებმა უნდა გაიხსენონ ყველაზე ადრე და ირწმუნონ ყველაზე მტკიცედ, რომ ზნეობა: პატიოსნად შრომა და ცხოვრება, სხვა ხალხებთან პატიოსანი, სამართლიანი და კეთილშობილი ურთიერთობები ყველაზე პრაგმატული და მყარი რამ არის. შესაბამისად: უზნეობა მხოლოდ სწრაფწარმავალ წარმატებათა, ილუზორულ წინსვლათა საწინდარი შეიძლება იყოს მხოლოდ.

მხოლოდ ამით მოვიპოვებთ ერთმანეთის დაკარგულ ნდობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავარწმუნებთ აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა მათთვის და მათი შვილებისათვის, თუ ის მართლაც საუკეთესო იქნება. დაკარგული ხალხებისა და ტერიტორიების ნამდვილად დაბრუნება შესაძლებელია არა მუქარითა და ომითა თუ ომის მცდელობებით, რაც დაკარგულს უფრო გვაშორებს და გვაკარგვინებს, არამედ საქართველოს სულიერი, ინტელექტუალური და ეკონომიკური აღორძინებით; ქართული კულტურული, ენობრივი, ეკონომიკური სივრცის შექმნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც დახვეწილი, რეალური, კეთილ ნებაზე აგებული განვითარების პროგრამას უნდა ეფუძნებოდეს.

თუ დაუყოვნებლივ არსებითად არ შეიცვალა საქართველოს დამოკიდებულება კავკასიელი ხალხების მიმართ, საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ არაქართველ ეთნოსთა მიმართ, და არ დაიწყო ნამდვილად დიდი ქართულ-კავკასიური პოლიტიკის აგება, ეს ჩვენ, მიუხედავად ნავთობსადენებისა და აბრეშუმის გზისა, ისე დაგვასუსტებს, რომ ჩვენზე სიარული უფრო ადვილი იქნება ვიდრე ცარიელ კორიდორში.

რაც შეეხება კონკრეტულ კავკასიურ პროექტებს, რომლებიც ან შემუშავებული აქვს “კავკასიურ სახლს”, ან საჭიროდ მიაჩნია, რომ შემუშავდეს:

1. აუცილებელია ისეთი დიაპაზონის რადიომაუწყებლობის შექმნა, რომელიც მოიცავს მთელს კავკასიას, ვრცელდება რუსეთში და თურქეთშიც (კავკასიური დიასპორისათვის) და რომლის მოსმენაც შეიძლება ევროპიდანაც. ეს უნდა იყოს უპირატესად კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სამშვიდობო რადიომაუწყებლობა, გადაცემებით ყველა კავკასიურ ენაზე, ასევე ევროპულ, თურქულ და რუსულ ენებზე. კავკასიურ ენებზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის უზრუნველყოფა შეუძლია “კავკასიურ სახლს”.

2. უნდა დაფუძნდეს “ევროპულ-კავკასიური” თუ კავკასიოლოგიური ინსტიტუტი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოამზადებს კავკასიის ნამდვილ ექსპერტებს (კავკასიის ექსპერტები, რომლებმაც უნდა იცოდნენ კავკასიის პოლიტიკურ-კულტურული ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა, კულტურა, ეთნო-ფსიქოლოგია, ენები და ა. შ. ამავე დროს, დასავლეთიც და რუსეთიც დღეს არც საქართველოში და არც მის გარეთ უბრალოდ არ არსებობენ).

3. შეწყდეს მუქარა და ძალისმიერ პოლიტიკაზე მინიშნება აფხაზთა და ოსთა მიმართ. ეს აძლიერებს ამ ხალხებში შიშს და აღრმავებს მათ რწმენას, რომ ქართველები შურისძიებაზე ოცნებობენ, ამიტომ მათი ერთადერთი ხსნა შეიძლება რუსეთი იყოს.

4. უნდა აღსდგეს ოფიციალური სახელმწიფო ტრადიცია, რაც მოქმედებდა თვით საბჭოთა ხელისუფლების დროს, ისევ დაწესდეს ლიმიტი ჩრდილო-კავკასიელი სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ხელი შეეწყოს ჩრდილო-კავკასიელ მეცნიერებს, დაიცვან თბილისში დისერტაციები.

5. ხელი უნდა შეეწყოს კავკასიოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას; ისეთი წიგნების გამოცემას, როგორიცაა: “კავკასიის წითელი წიგნი”, “კავკასიის ბუნება”, “კავკასიური მითოლოგია”, “კავკასიური ფოლკლორი”, “კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია” და ა. შ. ანუ ყველაფერს, რაც ეროვნული მიკუთვნებულობის გვერდით განამტკიცებს კავკასიურ იდენტობასაც.

6. გაიზარდოს რუსულენოვანი გაზეთის “Кавказский Акцент”-ის ტირაჟი და ხელი შეეწყოს მის გავრცელებას მთელს კავკასიაში, რადგან ეს ერთადერთი რუსულენოვანი გაზეთია, რომელიც იძლევა მთელი კავკასიის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ყოფის სურათს, და ამჟღავნებს შესაძლებლობას, იქცეს კავკასიის ხალხთა ტრიბუნად.

7. ხელი შეეწყოს კავკასიისა და მისი ხალხების შესახებ საცნობარო ლიტერატურის გამოცემასა და გავრცელებას, რასაც ახორციელებს “კავკასიური სახლი”.

8. ხელი შეეწყოს საერთოკავკასიურ კონფერენციებს, სემინარებს, კონგრესებს; საერთოკავკასიურ ორგანიზაციათა (მაგ. კავკასიის ექიმთა, იურისტთა, ეკოლოგთა კლუბების, ასოციაციების და ა.შ.) შექმნას; საერთოკავკასიურ კულტურულ ღონისძიებებს (კავკასიური ფესტივალების გამართვას საქართველოში).

9. “კავკასიური სახლის” ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას გაერთიანებული ერების მსგავსი საერთო კავკასიური ორგანიზაცია.

10. აუცილებელია, შეიქმნას სახელმწიფო სტრუქტურა (დეპარტამენტი), რომლის ფუნქციაც კავკასიური პრობლემების გადაწყვეტა და დამუშავება იქნება.

ნაირა გელაშვილი
მწერალი, “კავკასიური სახლის” თავმჯდომარე
2002 წ. სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პარლამენტის ეროვნული უშიშროების
კომისიის სხდომაზე