“სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ვითარების გამწვავების გამო”

“კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის”
განცხადება 
 
2004 წლის ზაფხულში სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით

 

 

დანაშაულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი (სამხედრო მანევრები, მუქარის შემცველი ან, უბრალოდ, ქედმაღალი რიტორიკა და სხვ.), რომელთაც ქართულ-ოსურ ურთიერთობათა გამწვავება მოჰყვა, რის შედეგადაც კვლავ დაიღვარა სისხლი, დაიჭრენ და დაიღუპნენ ახალგაზრდები ორივე მხრიდან.
ამის შედეგად, ცალკეული სამშვიდობო ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების მიერ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ოსი საზოგადოების წარმომადგენლებთან დამყარებული კონტაქტები და თანამშრომლობა დამუხრუჭდა, აღდგენილი ნდობა ისევ გაქრა, თბილისსა და ცხინვალს შორის მიმოსვლა და ურთიერთობები შეწყდა ან უკიდურესად გაძნელდა და ვითარება ლამის საწყის წერტილს დაუბრუნდა.
ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე:
დაუშვებელია გამეორება სისხლიანი დაპირისპირებისა ქართველებსა და ოსებს (ქართველებსა და აფხაზებს) შორის.
ჩვენი სანუკვარი მიზანი ოსი (და აფხაზი) ხალხების შემორიგება უნდა იყოს, ამ შერიგების გარეშე საქართველოს პოლიტიკურ და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ხოლო ძალისმიერი გზით ტერიტორიის შემოერთება (კიდეც რომ იყოს შესაძლებელი) კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის ქვეყნის შინაგან მთლიანობას, სიმშვიდესა და ადამიანთა დაცულობას.
ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ ქართველ ხელმძღვანელ პირთა აგრესიული რიტორიკა და ქმედებანი, რომლებიც არ ფლობენ ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტების სფეროში არსებულ ცოდნას, არ გააჩნიათ ტაქტის გრძნობა, კეთილი ნება და მგრძნობელობა კონფლიქტისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ქართულ-ოსურ (და ქართულ-აფხაზურ) ურთიერთობათა მუდმივ რეგრესს, მუდმივად განმეორებად ექსცესებს, სისხლისღვრასა და მსხვერპლს.
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას მხოლოდ მაშინ ექნება სასურველი შედეგი, თუკი მის გულრწფელობას ნამდვილად ირწმუნებენ ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხები, რისთვისაც კონფლიქტის ზნეობრივი და ისტორიული შეფასებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების დონეზე. საჭიროა, ჩვენ, ქართველებმა, როგორც ქვეყნის უმრავლესობამ და ტიტულატორმა ერმა ბოდიში მოვიხადოთ, რომ ვითარებაში ვერ გავერკვიეთ, ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ღირსება ვერ დავიცავით. შერიგების ხელოვნება გულისხმობს შემდეგს: საკუთარი შეცდომების აღიარებას, ბოდიშის მოხდას, დაპირისპირებული მხარისთვის სულიერი ტრამვის მოშუშების სურვილსა და მცდელობას. და მხოლოდ ამის შემდეგ ორივე მხარისთვის სასარგებლო, საკადრისი და საინტერესო თანამშრომლობის შეთავაზებას; სხვადასხვა სახის მეგობრულ ჟესტს, დახმარების ფორმებს და ა.შ.
შერიგების ხელოვნება რთული ხელოვნებაა და მას შესწავლა სჭირდება.
ჩვენ, ქართველებს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვატარებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მშვიდობიან ცხოვრებაზე.
2004 წელი