პაოლო იაშვილი,
ცხოვრების და შემოქმედების წიგნი

2023

პროექტის ავტორი: ნაირა გელაშვილი
რედაქტორი და შემდგენელი: ნინო ხოფერია

კრებული „პაოლო იაშვილი, ცხოვრების და შემოქმედების წიგნი“, ეპოქის სურათებთან ერთად, ერთდროულად გამოხატავს: პოეტის ყოფიერების არტისტიზმს და დრამატიზმს; მის შინაგან ძალასაც და საკუთარ დროებაში დაუცველობას. შეძლებისდაგვარად მოთხრობილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რის გამოც „ცისფერყანწელთა“ გაცხადებული იდეალი: „პოეტმა უნდა გააზღაპროს თავისი ავტობიოგრაფია“ საბედისწეროდ განუხორციელებელი დარჩა.

წიგნი წარმოადგენს პაოლო იაშვილის შემოქმედების რჩეულს, თანამედროვეთა მოგონებებს, სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცულ იშვიათ დოკუმენტებს, კომენტარებით. კრებულს ახლავს მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ლიტერატურული პროცესების და შემოქმედებითი გარემოს მიმოხილვა, სათაურით, „მოდერნისტული ტფილისი“.

კრებულის ვიზუალური მხარე, საარქივო ფოტოებსა და ხელნაწერებთან ერთად, მოიცავს სპეციალურად ამ გამოცემისთვის გადაღებულ მემორიალურ ადგილებს ქუთაისსა და თბილისში. მათ შორის, პოეტის მამის, ჯიბო იაშვილის სახლს ქუთაისში, იშვიათი რელიკვიებით. აგრეთვე სახლ-მუზეუმს სოფელ არგვეთში და მწერალთა სახლში გახსნილი, პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილი დროებით ექსპოზიციას. ზოგიერთი მასალა ქვეყნდება პირველად და რეპრესიების შემდგომ გადარჩენილ მემკვიდრეობას და ბიოგრაფიის დაკარგულ ფურცლებს ნაწილობრივ ავსებს.

ვეცადეთ მთლიანობაში წარმოგვედგინა კონკრეტული დრო, რომელიც პაოლო იაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მონაწილეობს.

Facebook
Twitter
LinkedIn