ისტორიკოსი, ლიტერატორი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ოთარ ნოდია 1928 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის ვაჟთა სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. 1960-იანი წლების ბოლოს ოთარ ნოდია ქალაქკომის კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ დაინიშნა.
1973 წელს მისი ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა „საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია“. „კოლეგიის“ მისიის ფარგლებში თავიდანვე იყო გათვალისწინებული ლიტერატურული ურთიერთობების გააქტიურება როგორც სამხრეთი, ისე ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკებთან. ორგანიზაცია თავიდანვე ეხმაურებოდა საერთო კავკასიური ერთობის, კავკასიური სოლიდარობის იდეას.
„კოლეგიაში“ ოთარ ნოდიამ თავი მოუყარა ნიჭიერ მთარგმნელებს, ლიტერატორებს, რედაქტორებს, სხვადასხვა ევროპული და კავკასიური ენების მცოდნეებს. თანდათანობით დაამყარა კავშირები მოკავშირე რესპუბლიკებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების მწერლებთან. 80-იან წლებში სულ უფრო ხშირად იწყეს ჩამოსვლა ქართული კულტურით, ლიტერატურით, ხელოვნებით დაინტერესებულმა ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ დიდ დახმარებას უწევდა კოლეგიაში არსებული ე.წ. ბწკარედის ბიბლიოთეკა. ისინი „კოლეგიაში“ სწავლობდნენ ქართულ ენას, იღებდნენ ქართველი მწერლების, მთარგმნელების კონსულტაციებს. შედეგად, ამ წლების განმავლობაში საზღვარგარეთ გამოიცა ქართული ლიტერატურის არაერთი ნაწარმოები.
ბატონმა ოთარმა დაარღვია მანამდე დაუწერელი კანონი, რომლის თანახმადაც, უცხოური ლიტერატურა ჯერ რუსულად უნდა თარგმნილიყო და მხოლოდ მას შემდეგ — ქართულად. კოლეგიაში ითარგმნა და გამოიცა არაერთი წიგნი უცხოელი ავტორებისა, რომლებიც რუსულად ჯერაც არ თარგმნილიყო.
ოთარ ნოდია გარდაიცვალა 1994 წელს.
© 2023 კავკასიური სახლი. დიზაინი შექმნილია და შესრულებულია chikhladzeluka -ის მიერ