მივმართავთ მასმედიის წარმომადგენლებს!

მივმართავთ მასმედიის წარმომადგენლებს!

 

შეუსაბამობა ჩვენი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გაზიარებულ ღირებულებებსა და მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის ცნობიერებას შორის დღითი დღე კატასტროფულ მასშტაბებს იძენს. კონსტიტუცია და ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ერთი შეხედვით, თითქოს დემოკრატიასა და ლიბერალიზმზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების დიდი ნაწილი ანტიდემოკრატიულ და ანტილიბერალურ პოზიციებზე დგას. საქართველოს ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედიაც, გამონაკლისების გარდა, მათ ფეხის ხმასაა აყოლილი, რაც ზეგავლენას ახდენს საზოგადოების განწყობილებაზე და არასამართლებრივი, არასახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
 
ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების, პარლამენტის ტრიბუნის, პრესისა და ეთერის საშუალებით აგრესიული ნაციონალიზმის, ფუნდამენტალიზმის, საერო და საეკლესიო ობსკურანტიზმის პროპაგანდა მიმდინარეობს.
არა ერთი და ორი სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი და, წარმოიდგინეთ, სასულიერო პირიც კი დამამცირებელ კონტექსტში ახსენებს “სომეხს”, “თათარს”, “რუსს” და ა.შ. მართლმადიდებლობით მოქადული ჩვენი იდეოლოგები ხალხს დღედაღამ ჩასჩიჩინებენ აზრს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი და მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივე ცნებებია, რითაც სხვადმადიდებლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ქართველი ერისაგან რიყავენ და მათი სახით მტრის ხატს ქმნიან.
 
ამდენად, ეს იდეოლოგები, ნებსით თუ უნებლიეთ, აპირისპირებენ ქართველ მართლმადიდებლებს არა მარტო საქართველოს არამართლმადიდებელ მოქალაქეებთან, არამედ მართლმადიდებელ არაქართველებთანაც (რუსებთან, ბერძნებთან, ოსებთან, აფხაზებთან); მწვანე შუქი ენთება ლოზუნგს ქართველი ერისა და ქართული ენის ბუნებითად გამორჩეულობის, უპირატესობის, აღმატებულობის შესახებ.
 
ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით, ფაშიზმისა და ნაციონალიზმის ნიშნებია. მათ არაფერი აქვთ საერთო არც მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან, არც პატრიოტობასთან, არც მოქალაქეობრიობასთან და არც ილია ჭავჭავაძესთან, რომლის სახელის წამდაუწუმ დამოწმებით ჩვენში ბევრი ითბობს ხელს. დროა, ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ – ილია ჭავჭავაძე საქართველოს საზოგადოებრივი მოწყობის საკითხში დემოკრატიის გზას ადგა და რელიგიური პლურალიზმის ანუ სინდისის სრული თავისუფლების იდეას ქადაგებდა.
 
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები ბოლშევიკურ-ჩეკისტური ილეთების მომარჯვებით საზოგადოებაში ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური და შოვინისტური აზროვნების დანერგვისათვის მუშაობენ. ყველაზე ამაზრზენი გახლავთ ის, რომ თავიანთ იდეებსა და შეხედულებებს ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის იარლიყებს აკერებენ და ვაჭრობენ.
მათი პროგრამის მიზანი გამჭვირვალეა: საქართველოში მცხოვრებ ერებსა და მოქმედ კონფესიებს შორის ანტაგონიზმის, შუღლისა და ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა. ამიტომაა, რომ ისინი ქართველ მაჰმადიანებს “თათრებად”, მესხებს – “თურქებად” მოიხსენიებენ; მიზანმიმართულად უმაგრებენ ზურგს და ახალისებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონისტურ კურსს. მათი დამსახურებაა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მძვინვარებს: ქსენოფობია და აგრესიულობა (განსხვავებული რწმენის ადამიანთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კოცონების აგიზგიზება და კერძო საკუთრების განადგურება), ფილეტიზმი (ნაციონალური პრინციპის რელიგიურ პრინციპზე მაღლა დაყენება), ცრუმორწმუნეობა (მართლმადიდებლური სარწმუნოების წილ), ობსკურანტიზმი (სიბნელე სინათლის წილ), ინკვიზიცია (სამოქალაქო ცხოვრებასა და კულტურაზე დიქტატი), ანტიეკოლოგიური, ანტიდემოკრატიული და ანტიცივილიზებული ქმედებანი; იგნორირებულია პიროვნების ღირსებისა და ხელშეუხებლობის პრინციპი.
არა ერთი პარლამენტარი დისკრედიტაციას უწევს ისეთ სამთავრობო თუ არასამთავრებო დაწესებულებებს, რომლებიც დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისათვის იღწვიან.
 
მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თანამშრომლებო!
გაითვალისწინეთ საფრთხე, რომელსაც ფაშისტურ-ბოლშევიკური და რელიგიურ-ექსტრემისტული იდეოლოგია უქადის ჩვენს ქვეყანას. საქართველოში, მართლმადიდებელი ქრისტიანების გვერდით, არა მარტო სხვა ეთნოსის, არამედ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ და შრომობენ. კანონის თანახმად ისინიც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ჩვენი მიზანი საერთო საფუძველთა პოვნა და ამ საფუძველზე თანაცხოვრება უნდა იყოს.
ჩვენ თავი მოგვაქვს რჯულშემწყნარებლობისა და უცხოთამოყვარეობის ძველი ტრადიციებით, მაგრამ წარსულ გამოცდილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ იგი მხოლოდ ისტორიის საკუთრებაა და აწმყოსთვის მკვდარია.
 
ტრაგედიაა, როდესაც საამაყო წინაპრებით ამაყობ, მაგრამ შენ მათი სულიერი მემკვიდრე აღარა ხარ, ანუ თუ შენსა და შენს წინაპრებს შორის ზნეობრივი ხიდია ჩატეხილი. სავალალოდ ჩვენ, ახალი საქართველოს შვილები, ამ ტრაგედიის წინაშე ვდგავართ.
 
გვჯერა, რომ ერთ-ერთი რეალური და ქმედითი ძალა, რომელსაც ჯანსაღი იმპულსებით საზოგადოების გამსჭვალვისა და გაუმჯობესების უნარი შესწევს, არის მეოთხე ხელისუფლება -მასმედია.
 
თუ მასმედიამ კვლავაც უღალატა თავის მაღალზნეობრივ დანიშნულებას, რაზედაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე გოდებდა, – ჩვენი ქვეყანა განსაცდელს თავს ვეღარ დააღწევს.
 

გურამ თევზაძე – მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

ნაირა გელაშვილი – მწერალი

მიხეილ ბეჟანიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
სოზარ სუბელიანი – თავისუფლების ინსტიტუტი
ემზარ ჯგერენაია – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ენისა და კულტურის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებისა და ფილოსოფიის უფროსი მასწავლებელი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი
დავით ზურაბიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტი
ნოდარ ლომოური – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ავთანდილ ჯორბენაძე – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ბრეგაძე – კრიტიკოსი
ვახუშტი კოტეტიშვილი – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი
შოთა იათაშვილი – მწერალი
გოგი გვახარია – კინომცოდნე
მიხეილ მახარაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მიხეილ ქვლივიძე – მწერალი
გიორგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
გაგა ნიჟარაძე – ფსიქოლოგი
ნოდარ ლადარია – აღმოსავლურ-ქრისტიანულ მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ შენგელაია – კინორეჟისორი
მიხეილ მირზიაშვილი – სტუდია „რე”
მამუკა ყუფარაძე – სტუდია „რე”
მიხეილ ბეროშვილი – საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის” დირექტორის მოადგილე
გიორგი ლობჟანიძე – მწერალი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე
გიორგი ჯიბუტი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი
თემურ მთიბელაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი
ნინო თონაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
ზეინაბ ნოდია – მწერალი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თანამშრომელი
გიორგი კახიძე – მწერალი
ვახტანგ უშვერიძე – ინჟინერი
ნოდარ ანდღულაძე – საქართველოს სახლხო არტისტი, სახელმწიფოს კონსერვატორიის პროფესორი
მზექალა შანიძე – პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
რევაზ ლოლიშვილი – გეოგრაფი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
რუსუდან გვარამია – საქ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ლ. სამყურაშვილი – საქ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
გურამ კუტალაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
ირმა ტალახაძე – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ნანა ალექსანდრია – ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში
მზია ბაქრაძე – ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დოცენტი, მთარგმნელი
ლევან პაჭკორია – თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგი
ლადო გოგიაშვილი – ჟურნალისტი
ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი
ლევან მეტრეველი – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტი
ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
შუქია აფრიდონიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
პაატა ზაქარეიშვილი – თეოლოგი, “თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი”
ლევან აბაშიძე – თეოლოგი, ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი
 
11.06.2003.
Facebook
Twitter
LinkedIn
ჩვენი ახალი წიგნი
No payment method connected. Contact seller.