“კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის” საერთო კრებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობა დაწესებულების მთავარი მმართველი რგოლი გახლავთ. დასახელებული ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საფინანსო-საბიუჯეტო და საშტატო პოლიტიკის თაობაზე, საერთო კრებასთან ერთად განკარგავს ცენტრის ქონებას, აყალიბებს სახლის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულებს და ადგენს მათ ფუნქცია-მოვალეობებს, ირჩევს კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, ამტკიცებს ორგანიზაციის სახელით მომზადებულ განცხადებებს, პროექტებსა და წინადადებებს. 2018 წლიდან ორგანიზაციის მმართველ სტრუქტურაში შვიდი პირი იმუშავებს:

ნაირა გელაშვილი –  ცნობილი ქართველი მწერალი, გერმანისტი და ფილოლოგი, გერმანულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამგეობამ გელაშვილი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მორიგი ოთხწლიანი ვადით აირჩია.

გიორგი ლობჟანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოეტი, ირანისტი და არაბისტი, ყურანის მთარგმნელი.

თეა გალდავა – ისტორიკოსი, არქეოლოგი, ქართულ-რუსული, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგების მონაწილე, თჰე Aუსტრიან შტუდყ ჩენტრე ფორ Pეაცე ანდ ჩონფლიცტ ღესოლუტიონ-ის (შლაინინგი, ავსტრია) კურსდამთავრებული.

მიხეილ გოგებაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რადიოლოგი, თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, „კავკასიური სახლის“ რუსულენოვანი გამოცემის „Кавказский акцент“-ის ყოფილი ჟურნალისტი.

ირაკლი კაკაბაძე – მწერალი, პოეტი, ქართული „პენცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი და პერფორმერი, კონფლიქტოლოგი (ჯონ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ), „განდის ფონდი – საქართველოს“ პრეზიდენტი.

ჯაბა კვარაცხელია – იურისტი, დიპლომირებული სამართალმცოდნე, მუშაობს დედაქალაქთან დაკავშირებულ საკითხებზე, გახლდათ „კავკასიური სახლთან“ დაკავშირებული სამართლებრივი დავების მონაწილე.

ლევან ლორთქიფანიძე – მემარცხენე აქტივისტი და პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, სოციალური სამართლიანობის კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე.

ორგანიზაცია ამჟამად კულტურულ-საგანმანათლებლო, მშვიდობის მშენებლობისა და კავკასიის კვლევების მიმართულებით მუშაობს, ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას. ცენტრში მოქმედებს მრავალეროვანი საკვირაო სკოლა და სახალხო უნივერსიტეტი. „კავკასიური სახლის“ მთავარი დამფინანსებული ევროპული საოჯახო ფონდი „ჰორიზონი“ გახლავთ.

Facebook
Twitter
LinkedIn