უკანასკნელ პერიოდში განახლდა დისკუსია „დარიანული ციკლის“ სახელით ცნობილი ლექსების ავტორის ვინაობის თაობაზე. “ელენე დარიანის” ფსევდონიმით ლექსები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1915-1924 წლებში გამოქვეყნდა. ლექსები 1955 წლიდან პაოლო იაშვილის რეაბილიტაციის შემდეგ გამოცემულ მის კრებულებში შევიდა.
დავა “დარიანული დღიურების” ავტორის შესახებ წარმოიშვა 1990-იანი წლების მიწურულს, როდესაც გამოჩნდა გიორგი ჯავახიშვილის პუბლიკაციები. მან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, დარიანული დღიურების ავტორად არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილი მიიჩნია.
ქართველ ლიტერატურათმცოდნეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს აზრი. მის გაბათილებას მათი მხრიდან არაერთი გამოკვლევა თუ საჯარო გამოსვლა მიეძღვნა.
პრობლემამ ელენე დარიანის საკითხის ფემინისტური თვალთახედვით გააზრების შედეგად, 2013 წლიდან დატოვა ლიტმცოდნეობის საზღვრები და დღემდე თანდათან საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.
ამჟამად საზოგადოებაში მიმდინარეობს დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა, ურთიერთდაპირისპირებული პოზიციაა გამოკვეთილი:
ერთნი ემხრობიან ქართულ ლიტმცოდნეობაში ტრადიციულად დამკვიდრებულ აზრს, რომ “დარიანული დღიურების “ ავტორი პაოლო იაშვილია, შესაბამისად, “ელენე დარიანი” მისი ფსევდონიმია. ამ პოზიციაზე მდგომნი არ გამორიცხავენ, რომ ელენე ბაქრაძეს, რომელიც ახალგაზრდობაში პოეტთან ამურულად იყო დაკავშირებული და შერჩა მეტსახელი “ელენე დარიანი”, ამ ციკლის ლირიკული პერსონაჟის პროტოტიპობა ეკუთვნოდეს. ამ ძირითად აზრს ისინი გამოთქვამენ სხვადასხვა, ინდივიდუალური მოდიფიკაციით.
მეორენი ელენე დარიანის ლექსების ავტორად ელენე ბაქრაძე-ბერიშვილ-ქართველიშვილს ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ პაოლო იაშვილმა ლექსები მიითვისა.
ზოგის აზრით კი, ეს ლექსები ელენე ბაქრაძის და პაოლო იაშვილის ერთობლივი შემოქმედებაა, ხოლო ელენე დარიანი — მათი საერთო ფსევდონიმი.
„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი“ მკვლევრებს, ლიტერატურათმცოდნეებს იწვევს მონაწილეობის მისაღებად 12 აპრილს დაგეგმილ კონფერენციაში, სახელწოდებით „დარიანული ლექსების ავტორის ვინაობა“.
მოგვიანებით საკონფერენციო მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე marika.tkeshelashvili@gmail.com
საკონტაქტო პირი: მარიკა ტყეშელაშვილი
ტელ. 593 784311
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი აპრილი.