ნაირა გელაშვილის წინათქმა წიგნისათვის – “ღმერთი, ბუნება, ადამიანი”.

 

2024 წლის 13 მაისია.

ჩემს ფანჯარასთან ვზივარ და, როგორც ყოველთვის, გავცქერი ცას და მის ქვემოთ – იპოდრომის მთა-ქედს, დაახლოებით ორ კილომეტრზე რომ გაჭიმულა. აქვე ვიტყვი, რომ ბედნიერებაა, როცა ოთახის მთელი კედელი ფანჯარაა და მისი წყალობით ამხელა სივრცე შემოდის ბინაში ცასა და მთასთან, ღრუბლებსა და ხეებთან ერთად. თამამად შემიძლია ვაღიარო: ეს ხედი რომ არა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ხალისისა და შრომის უნარის შენარჩუნება ჩვენს ნაკლებად გასახარ ყოფაში, და ასე მგონია, გაცილებით ადრე დავლევდი სულს ამ ბეტონისა და შუშის ჯუნგლებში, რადაც გადააქციეს თბილისი – ოდესღაც უმშვენიერესი შიდა და გარე ლანდშაფტის მქონე, უძველესი ქალაქი – ჯერ კომუნისტმა, შემდეგ კაპიტალისტმა ჰომო ფაბერებმა.

 

მაშასადამე, ჩემს ფანჯარასთან ვზივარ, გავცქერი ცას და მთას და ამაოდ ვცდილობ, დავწერო შესავალი წიგნისთვის „ღმერთი, ბუნება, ადამიანი. ეკოთეოლოგიური წერილები გლობალურ კრიზისზე“.

ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი წიგნია. იგი აერთიანებს ყველა დიდი რელიგიის წარმომადგენელთა აზრს იმის თაობაზე, რომ ბუნება უზენაესი ძალის საკრალური ქმნილებაა და ადამიანი მოწიწებით, ლმობიერად, ძალიან დამზოგველად უნდა ეკიდებოდეს მას, თუ უნდა, რომ ბუნების შვილი იყოს და არა მისი გაბოროტებული გერი, რომელიც ბოლოს სამყაროს რისხვას იტეხს თავს. წიგნიდან მოედინება ყოფით სინამდვილეზე ამამაღლებელი ემოციები და აზრები იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის, ინდუიზმისა თუ ბუდიზმის სულიერი სიღრმეებიდან. ანუ, ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღევანდელ ადამიანს, რომელიც ლამისაა საბოლოოდ გადაიქცეს მხოლოდ ბიო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ არსებად.

ძალიან მიჭირს ახლა კონცენტრაცია იმაზე, რისი თქმაც მინდოდა წიგნის შესავალში, რადგან სხვაგან ჰქრის ჩემი გონება, და კერძოდ, ჰქრის რუსთაველის პროსპექტზე, და ნერვებსაც თან მიიყოლებს: უკვე ერთი კვირაა აქ ახალგაზრდობის საპროტესტო დემონსტრაციები იმართება ხელისუფლების ერთი უკიდურესად მავნე გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია მთელი ქვეყანა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად მოპოვებული, თუნდაც ფასადური დემოკრატიიდან ისევ უკან, საბჭოთა ავტორიტარიზმში გადაისროლოს. და ეს საბედისწერო იქნება არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ ბუნებისთვისაც.

 

და აი, მე ხან წერას ვაიძულებ ჩემს თავს, ხან ტელევიზორის გამორთვას, საიდანაც ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტების აგრესიული რიტორიკა, საპარლამენტო ოპოზიციის ყვირილი და გნიასი, თუ მომიტინგეების გუგუნი მენთხევა.

ამოქმედებულია პარტიული ტელევიზიების მთელი მენტალური და ტექნიკური სიმძლავრეები (სხვაგვარი ტელევიზიები ჩვენ არც გაგვაჩნია).

არა, არა, უნდა გამოვრთო ტელევიზორი, რადგან ისედაც ძალიან დაიგვიანა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა წიგნმა, სადაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესულია ჩვენი პლანეტის დიდი პიროვნებების აზრები ბუნების იდუმალებასა და თანამედროვე ცივილიზაციის მიერ მის ყოვლად უდიერ ხელყოფაზე, რაც დაღუპვისაკენ მიაქანებს მთელ დედამიწას. ჩემი უცროსი მეგობრებისა და თანამშრომლების: საქართველოს ერთადერთი „მწვანე“ ეკონომისტის – დავით ადეიშვილისა და პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის მიერ განსაკუთრებული რუდუნებით მომზადებული ეს წიგნი ნამდვილად დიდი საჩუქარია ყველასთვის, ვისაც ახსოვს, რომ მხოლოდ ერთი პატარა ქვეყნის ან თუნდაც დიდი კონტინენტის მოქალაქე კი არა, მთელი სამყაროს შვილია.

 

თავს ძალას ვატან და ვწერ. მაგრამ რატომღაც ძალიან შორიდან ვიწყებ.

 

როდესაც, 1973 წელს, ამ ქუჩაზე გადმოვედი საცხოვრებლად, აქაურობა თბილისის ერთ ლამაზ უბანს წარმოადგენდა: ვერეს ხეობის წინა მხარეს ხსენებული მთა-ქედი აღმართულიყო, მისი აყვავებული, ნაირფერი ბუჩქებითა და ყვავილეულით დაფარული კალთა მდინარის პირამდე ეშვებოდა და წყალი წყნარად მიჩუხჩუხე­ბდა მთასა და ამწვანებულ ჭალას შორის. ჩემგან მარჯვნივ ციცქნაეზოებიანი, კერძო სახლუკები შეფენილიყვნენ ფერდზე. ბაყაყების ყიყინი, ჭრიჭინების კრუალი და გაველურებული იასამნების სურნელი ბინაში შემოდიოდა.

სწორედ ამ პატარა სამოთხის აღმოჩენამ გადამაწყვეტინა აქ, წყნეთის ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში დამედო ბინა. თუმცა, კარგი იქნებოდა, ეს ჩვენი კორპუსები საერთოდ რომ არ ჩაედგათ ამ არემარეში, და მთელი ხეობა თავისი შემოგარენით შეენარჩუნებინათ დედაქალაქის მწვანე წალკოტად. ეს ხეობა ხომ მოშორებით უერთდება დიდ პარკ „მზიურს“, რომელიც ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ოცნებისა და თხოვნის შესატყვისად გააშენა საბჭოთა ხელისუფლებამ და რომელსაც მთელი ვერეს ხეობა უნდა მოეცვა. ეს უნდა ყოფილიყო ბავშვების ჯადოსნური, მწვანე სამყარო, „დისნეილენდის“ ქართული შესატყვისი, პატარ-პატარა, იდუმალი ქოხებით, ქართული და მსოფლიო ზღაპრების გმირებით, საქანელებითა და ჰამაკებით, პაწია ქოხ-სამკითხველოებითა და საჭყუმპალაო გუბურებით. ყველაფერი ბუნებასთან თანხმობაში და არაფერი მის წინააღმდეგ.

ამ იდეას მოქალაქეთა ფანტაზია სულ უფრო მეტად ამდიდრებდა. შემდეგ ის აზრიც გაჩნდა, რომ ამ წალკოტში ბავშვებისთვის ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვაც ესწავლებინათ. ერთი სიტყვით, „მზიური“ იქცა თბილისელების საერთო ოცნებად და მისი გაშენების დაწყება საერთო სიხარულად: ჭავჭავაძის პროსპექტიდან ცენტრალური ჩასასვლელის თაღზე გადაფენილ მფრინავ ხალიჩაზე შემომჯდარი ბრინჯაოს ბიჭი, გარშემო პატარა ცხოველები რომ შემოსხდომიან, ბუნებასთან მეგობრობის ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟებოდა ბავშვებს და დიდებს.

მაგრამ დადგა ოთხმოციანი, შემდეგ ოთხმოცდაათიანი წლები და „მზიურის“ სურათ-ხატი თანდათან წაიშალა, მერე კი, საერთოდ, ჰაერში გამოეკიდა. მომავალი ჯადოსნური ბაღნარისათვის განკუთვნილ ვრცელ ფართობს ხან ერთი მხრიდან აგლეჯდნენ გვერდებს, ხან მეორიდან. მიდამო თანდათან კორპუსების ალყაში ექცეოდა. დარჩა პატარა, ჩვეულებრივი პარკი, ერთი ნაგლეჯი იმ დიდებული, მწვანე ვიზიონისა, რომელიც თან გაჰყვა უდროოდ და ტანჯვით გარდაცვლილ მწერალს, საყვარელი და მხიარული ნაწარმოებები რომ დაუტოვა მკითხველებს.

 

და, აი, ჩემი ფანჯრების წინაც გაჩნდა ორი ახალი, უზარმაზარი და, რა თქმა უნდა, უსახური კორპუსი, მდინარისპირა მიდამოში, ანუ ჭალაში, პირდაპირ ჭანჭრობში რომ ჩაიდგა და მშვენიერი ხედის მესამედი დამიხშო, რისი გულისთვისაც ავირჩიე ეს ადგილი საცხოვრისად და არა მხოლოდ მე.

მაგრამ ხედს ვიღა ჩიოდა, კორპუსები ჩაიდგა პირდაპირ მდინარის ხეობაში, მდინარის პირას, რაც უდიდეს უგუნურებად მიიჩნია იმთავითვე ბუნების ყველა დამ­ცველმა თუ გეოლოგმა, უგუნურებად, რაც ძველი ადამიანისთვის თავისთავად ცხადი იყო, რადგან, მან იცოდა, რომ ადიდება მდინარის ბუნებაა, ამიტომ შენ უნდა დაემორჩილო ამ კანონს და მის სივრცეში არ უნდა შეიჭრა. ეს ძველი სიბრძნე გამოხატა ბუნების, როგორც ერთიანი ცოცხალი არსების, დიდმა მესიტყვემ – ვაჟა-ფშაველამ -თითქმის ქრესტომათიული სიტყვებით: „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, სადაც პირიმზეს ახარებს, იქავ მთხრელია ზვავისა, ერთფერად მტვირთელი არის საქმის თეთრის და შავისა, მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა“.

 

ბოლოს და ბოლოს, დაიქცა საბჭოთა იმპერია და გაბატონდა ისეთი რამ, იმდაგვარი „წეს-წყობილება“, რასაც ზუსტი სახელი ალბათ დღემდე არ დარქმევია. 70-წლიანი საბჭოთა ათეისტური საზოგადოების მენტალური წიაღიდან ამოიზარდა ახალი მონსტრი: უცნაური კაპიტალიზმი, ბრჭყალებიანი თათებითა და არაადამიანური სახით: ჯერ სამართლებრივი რეფორმის აჩრდილიც კი არ ირხეოდა არსად, მაშადამე, ჯერ სამართალი უბრალოდ არ თუ აღარ არსებობდა, რომ უცებ იფეთქა ე.წ. პრივატიზაციამ და, რა თქმა უნდა, მაშინვე იქცა „პრიხვატიზაციად“. ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა, მაღალი თანამდებობის პირები თუ გავლენიანი ჩინოვნიკები, მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე უკანონოდ რომ აგროვებდნენ აკრძალულ კაპიტალს, – ახლა კაპიკებად იძენდნენ სახელმწიფო ქონებას. და ამ ფენამ მაშინვე მიაგნო გამდიდრების ერთ-ერთ უმთავრეს და უტყუარ გზას – შენებას, რომელიც სინამდვილეში იყო და არის ნგრევა: შეტევა ახალი ძალით იქნა მიტანილი ბუნებაზე, რაც იმ სივრცის გაპარტახებას ნიშნავს, სადაც ადამიანი სუნთქავს და ცოცხლობს, რაც უხარია და უყვარს.

 

სწორედ ღმერთის უარყოფიდან აღმოცენებული ტექნოკრატიული ცნობიერება აღმოჩნდა ის „განძი“, პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმმა რომ მიიღო უწყვეტ მემკვიდრეობად იარაღით მებრძოლი, ბოლშევიკური ათეიზმისაგან. და მაშინვე გაგრძელდა ბრძოლა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად, რისი შეჩერებაც 90-იანი წლების საქართველოს „მწვანეების“, მაშინდელი პატიოსანი მეცნიერებისა და საერთო-სახალხო მოძრაობის მთავარ გამარჯვებად, მომავლის გეზად იქცა: რადგან მეცნიერებმა და გარემოს დამცველებმა კარგად აუხსნეს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ ასეთი მასშტაბის ძალადობრივი შეჭრა ბუნების ცოცხალ და არსებითად შეუცნობელ სხეულში, გარდაუვალი საფრთხეების შემცველი იყო, მით უმეტეს, სეისმურად უკიდურესად აქტიური რეგიონისთვის.

იმდროინდელი განათლებული საზოგადოება, და ახალ­გაზრდობაც, საქართველოს მომავალს მწვანე ფერში ხედავდა: ხედავდა, ილიას რომ მივმართოთ, იმ „კარგ ქვეყნად“, რომლის განვითარებაც უნდა დაფუძნებულიყო შეგნებაზე, რომ ეს გამაოგნებლად ლამაზი სამყარო შექმნა უზენაესმა ავტორმა (გონებით მიუწვდომელმა პოეტმა, მხატვარმა, მუსიკოსმა და მეცნიერმა) – ღმერთმა! და ჩვენ, ადამიანებს, სრულიად დაუმსახურებლად გვაჩუქა: პირდაპირ გაგვაჩინა ამ სამყაროში.

იმ ხანებში, ე.ი. 90-იან წლებში ხშირად ვახსენებდი ხოლმე ახალგაზრდებსა თუ მოწაფეებს, მათთან შეხვედრებზე, რომ ქართული პოეტური აზროვნების მწვერვალი – შოთა რუსთაველის პოემა – იწყება სამყაროს შემოქმედისა და მისი შესაქმის, ანუ სიცოცხლის დასაწყისის გახსენებით, რასაც ანალოგს ვერ დაუძებნით მსოფლიოს ლიტერატურულ შედევრებში:

 

„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა ზეცით მონაბერითა“,

 

და არა უბრალოდ „შექმნა“, არამედ ჩვენ, კაცთა მოდ­გმას გვაჩუქა:

 

„ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი

ფერითა“.

ამ ნაჩუქარი „ქვეყნის“, ანუ სამშობლოს მოვლა, სამყაროს სილამაზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება გონივრული გარჯით, ისეთი ეკონომიკის აგებას გულისხმობდა, რომელიც ბუნებას კი არ გაანადგურებდა, არამედ მაქსიმალურად დაზოგავდა. აი, ეს იყო იდეალი. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი მსოფლხატი აქცევდა ღმერთის უმთავრეს ქმნილებას – ადამიანს „ზეციდან მონაბერი“ სულის ჭურჭლად, ანუ „ცოცხალ ტაძრად“ და „ბუნების გვირგვინად“. ხოლო ღმერთის თანაშემოქმედის როლზე უარის თქმა მას სამყაროს სიკეთეთა იმ მომხმარებლად ჩამოაყალიბებდა, რომელზედაც სასოწარკვეთით კითხულობდა ილია ჭავჭავაძე: აი, ეს ჩვენი ლუარსაბი, ბიოლოგიური ფენომენი, „კაცი“ (მამრი) კი არის, მაგრამ განა კიდევ შეიძლება „ადამიანად“ იწოდებოდესო?

 

მაღალი იდეები მსჭვალავდა 90-იანებში ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეს და ახალგაზრდა ეკონომისტების მიერ წამოყენებული დევიზიც: „ეკონომიკა ექვემდებარება ეკოლოგიას“ მრავალ ადამიანს აღავსებდა მომავლის იმედით, და აქ დიდ როლს თამაშობდა „მწვანეების“ გაზეთიც „დედამიწა“.

რათა მაშინდელ ბუნებისდაცვით მოძრაობას რაღაც მარადიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მსოფლმხედველობრივი საფუძველი ჰქონოდა, დავწერე ერთგვარი შემაჯამებელი ტექსტი, მანიფესტის როლი რომ შეიძინა: „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“ (1989).

 

მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ვითომც დემოკრატიისა და ახალი ჰუმანიზმის მშენებელ საქართველოში გასაოცარი სისწრაფით ათარეშდა და დღემდე ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს უკონტროლო კაპიტალიზმი, საოცნებო „კარგი ქვეყნის“ ნაცვლად, მდიდართა და ღატაკთა ორკლასიანი საზოგადოება რომ წარმოშვა და „მოგება“ გამოაცხადა ახალ კერპად. „ოქროს ხბოს“ ირგვლივ გაჩაღებულ ფერხულში ჩაბმულმა საქმოსნებმა – „ახალმა ქართველებმა“ და მათმა მფარველმა ხელისუფლებებმა ახლებური სისავსეც არ დაიკლეს: პირჯვრები, ხატები და ეკლესიურობანი მათი ცხოვრების ატრიბუტებად იქცა და ისინი ჯერჯერობით მშვენივრად ახერხებენ ერთდროულად დგომას მამონასა და ღმერთის სამსახურში (ათასში ერთხელ, შეიძლება, რომელიმე კოშმარში ნემსის ყუნწი და აქლემი მოელანდოთ, რეალურად კი, შემდეგში რა იქნება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის).

 

ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, არავითარი განსხვავება არ აღმოჩნდა ორ უკანასკნელ ხელისუფლებას შორის: „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიხალხური, ანტიქართული, ანტიეკოლოგიური, კაცთმოძულე და სისხლიანი მმართველობის ცხრა წელი (2003-2012) უმ­ტკივნეულოდ გადაება მისი დამმარცხებელი „ქართული ოცნების“ აგრესიულად ტექნოკრატიულ, ბუნებისმოძულე სტრატეგიებს, აგერ უკვე მე-12 წელს რომ ითვლის.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღკვეთა მშვიდობიან მოქალაქეთა ბინებში შევარდნები, ციხეებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ოფიციალურად დანერგილი პრაქტიკა, ბიზნესის მასობრივი დაყაჩაღება, – მაინც თავისი ავტორიტარიზმით, მტაცებლური კაპიტალიზმის მაქსიმალურად გაძლიერებით, მოსახლეობის გაღატაკებით და ამდენად, მისი არაპირდაპირი იძულებით – მასობრივად დატოვოს სამშობლო, იმას მიაღწია, რომ საზოგადოებამ მალევე შექმნა პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი კომპოზიტი – „ნაცქოცები“. საბოლოოდ კი „ოცნება“ „კოშმარით“ ჩაანაცვლა. მაგრამ, ეს – ხალხის, ახალგაზრდობის რეაქციაა და არა მილიონერ-მილიარდერთა კლასისა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად მართავს და წელში დრეკს ქვეყანას, ერთიანად უნადგურებს რა დღევანდელ და მომავალ თაობებს „მამულს“, ანუ მიწა-წყალს, ანუ, სასიცოცხლო სივრცეს, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

ისევ უნდა შევწყვიტო წერა.

მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ რუსთაველზე პოლიცია სასტიკად უსწორდება მომიტინგე სტუდენტებს, სათითაოდ იტაცებენ, იქცევენ თავიანთ წრეში და კოლექტიურად ურტყამენ წიხლებს, თან ბილწი სიტყვებით აგინებენ; რომ მთავრობის მხარდამჭერმა, განსაკუთრებით მდიდარი, გავლენიანი საქმოსნების საკუთრებაში მყოფმა ტელევიზიებმა „იმედმა“ და „პოსტივიმ“ განახორციელეს პირადად ჩემი და „კავკასიური სახლის“ დისკრედიტაცია: „გადასცეს ისე დამონტაჟებული სიუჟეტები, რომ ძალიან იგრძნობა უშიშროების სამსახურის ხელწერა, ტყუილად არ ეძახიან პოსტივის პროპაგანდისტულ სამეულს „ბერიას ტროიკას“; ისე წარმოადგინეს, თითქოს თავად მოიპოვეს დამალული ინფორმაცია ორგანიზაციის ფინანსების შესახებ, არადა, ხომ თქვენს ვებგვერდზე დევს მთელი მონაცემები. გამოიყვანეს „კავკასიური სახლი“ მავნებლურ ორგანიზაციად, რომელიც მილიონებს იღებს და მალავს; მანამდე თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ „კავკასიური სახლი“ `გლობალური ომის პარტიის აგენტურაა“ და დიდ შემოსავლებს იღებსო! გამოგიგზავნი ამ წუთში ყველაფერს, ახლა გავრბივარ, ხელი მოტეხეს ბიჭს, უნდა მივეხმაროო! – გათიშა და იმავე წუთს ყველაფერი გამოაგზავნა.

 

ღმერთო ჩემო! რა ვქნა ახლა! თუ ეს ყველაფერი ვნახე, ვერაფერს ვეღარ დავწერ. არადა, ეგებ სწორედ ამ შესავლისთვისაა საჭირო, რომ ვნახო, რა დღეში ვართ! ვნახე. გამაოცა აგრესიული უსირცხვილობის მასშტაბმა. აგრეთვე უნიჭობამ. მართლაც იმდენად იგრძნობოდა ცილისწამებისა და დისკრედიტაციის საბჭოთა ხელწერა, რომ აშკარა გახდა: აქ ლაპარაკი აღარ იყო რეპრესიებზე ერთი ადამიანის – ამ შემთხვევაში, მწერლისა და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მთელ რიგ საკითხებში ღიად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებას. არა. მთელი ქვეყანა მართლაც გადაქანებულიყო უკან – საბჭოთა ავტორიტარიზმში. არადა, ამ ტელევიზიების პატრონები – ხელისუფლებასთან შერწყმული, ულტრამილიონერი ბიზნესმენები – ძალიან თანამედროვე, დასავლური ყაიდის, პროგრესულ ადამიანებად აწვდიან თავს საზოგადოებას.

 

თითქოს ეს არ იყო საკმარისი, სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ჩვენს თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან რეკავენ და უშვერი სიტყვებით აგინებენ. აგინებენ მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს. ბავშვები პანიკაში ჩავარდნილან, ღამე ვეღარ დაუძინიათ. თურმე მასობრივად ხდება ასე მთელ ქვეყანაში. რა ვუთხრა ახლა ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომლებიც დღესა და ღამეს ასწორებენ იმ რწმენით, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს ალევენ თავიანთ ენერგიას?

შეიძლება აქამდე დაეშვას უძველესი ქვეყნის საჭესთან მდგომი ძალა?! მაშასადამე, ეს ძალა თავის ტელევიზიებთან, მათ პატრონებთან და პროპაგანდისტ ინტელექტუალებთან ერთად მთლიანად ჩაიძირა არა მხოლოდ სისასტიკეში, არამედ ელემენტარულ სიბილწეშიც.

 

მაინცა და მაინც ვნების კვირას დანიშნა ხელისუფლებამ კანონპროექტის მეორედ მოსმენა, თუ განგებ არა, მაშინ ბოროტი ინსტინქტით მაინც.

ამიტომ, საერთო წყევლა-კრულვაში, მრავალი მომიტინგის უზრდელ და აგრესიულ გამოხდომებში, პოლიციელებისა თუ გადაცმული ბანდიტების ძალადობასა და ორმხრივი სიძულვილის ფრქვევაში ჩაიარა სამყაროს უდიდესი ტრაგედიის დღეებმა და ღამეებმა, დედამიწაზე ჩამოსული ღმერთის ჯვარცმისა და გარდამოხსნის ყოველმა წუთმა, როცა ყველა ნამდვილი ქრისტიანი ლამის სუნთქვაშეკრული დადის და გლოვობს, ღმერთის უსასრულო სიკეთეს ჩვენი უსასრულო სისასტიკითა და სიბნელით რომ ვპასუხობთ. უდიერობისა და სულიერი გამოშიგნულობის მაგალითი იმ ხელისუფლების მხრიდან, თავს ტრადიციული ღირებულებების, პირველ რიგში, ეკლესიის მფარველად რომ აცხადებს!

 

საერთოდ, ვნების კვირაში დევნა და შევიწროება ჩუმად უნდა აიტანო. მით უმეტეს, რომ „კავკასიური სახლი“ – კულტურისა და განათლების ცენტრი, უძველესი სამშვიდობო ორგანიზაცია, – დღიდან გაჩენისა ადრეული ქრისტიანებივით სულ დევნასა და შევიწროებას განიცდის. გარდა პოლიტიკურისა, ამის მიზეზი ის არის, რომ თავისი მსოფლმხედველობით ის ეწინააღმდეგება ყველა ძალას, რომელიც უსამართლობას სჩადის ადამიანისა და ბუნების მიმართ (დიდი ხნის წინათ ცხოველებზე მზრუნველი ბავშვების კლუბიც კი შევქმენით, რომელსაც „მაუგლი“ ერქვა). „სახლს“ თავისი წესდების პირველ მუხლად უწერია: „საქართველოსა და კავკასიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენისათვის ხელის შეწყობა“. მგონი, საკმარისია ეშმაკების მოსაზიდად!

 

გარდა ამ წიგნისა – „ღმერთი, ბუნება, ადამიანი“, მეორე წიგნიც უნდა გამოვცეთ, თითქმის ერთდროულად: ეს არის ჩემი მონოგრაფია დიდ რომანტიკოს პოეტსა და ქრისტიან მოაზროვნეზე – ნოვალისზე. და ამ მონოგრაფიის შესავალიც დასაწერი მაქვს და ვერც იმას ვწერ, რადგან ქვეყანა თავზე გვექცევა. ავდგები და ამ შესავალში ნოვალისის ცალკეულ სტროფებს შემოვიტან ჩემ მიერ თარგმნილი ციკლიდან, იესო ქრისტეს რომ ეძღვნება. ამ პოეტის სამყარო სრულ ჰარმონიაშია წიგნთან ღმერთის, ბუნებისა და ადამიანის შესახებ და ამავე დროს, პირდაპირ ეხმიანება ჯვარცმისა და აღდგომის დღეებს იესო ქრისტესი, რომელსაც ნოვალისმა „ბუნების მესია“ უწოდა:

 

„უშენოდ რა ვიქნებოდი, მითხარ,

უშენოდ რაღა არ გავხდებოდი,

ვივლიდი გზებზე დაღვრემილ მწირად

და შიშს ვერაფრით დავეხსნებოდი.

რა რად მიყვარდა, ვერ გავიგებდი,

მყოფადი – ბნელი ხახა უფსკრულის

იქნებოდა და ვის შესჩივლებდა

თავის სატკივარს მწუხარე გული?

 

გარეთ დამძლევდა შფოთვა უზომო,

შინ კი – პირქუში უიმედობა,

ვერც ცაში გავძლებთ ჩვენ უმეგობროდ,

მიწაზეც ყველა ვეძებთ მეგობარს“.

 

 

„მე ვეტყვი ყველას, რომ ცოცხალია,

რომ იგი აღსდგა მკვდრეთით,

და მიმოიძვრის ახლა ჩვენს შორის

ჩვენი ერთგული ღმერთი.

 

მე ვეტყვი ყველას, ყველა წავა და

ეტყვის მეგობრებს თვისას,

რომ მალე ყველგან ამობრწყინდება

ახალსაუფლო ღვთისა“.

 

 

„ძგერს დედამიწა, მწვანდება, ლაღობს,

სულით აღვსილა ყველა სულდგმული,

სურთ სიყვარულით მხსნელს მიეახლონ,

გადაუშალონ ბავშვურად გული.

 

ის არის მზე და ყველა ვარსკვლავი,

უბერებელი სიცოცხლის წყარო,

ყვავილ – ფოთლებში, ქვებსა და ზღვაში

მისი ბავშვური იერი ხარობს.

 

ყოველ საგანში უნელებელი

მისი იდუმალ-წმინდა ღვაწლია,

ალით რომ გვმსჭვალავს და უნებლიეთ

ყოველ მკერდს ნაზი ცეცხლით დაჰკვრია.

 

ღმერთი ჩვენთვის და ბავშვი თავისთვის

უგულითადეს გრძნობას გვთავაზობს,

გარს გვაკრავს საზრდოდ არსება მისი,

ჩვენს ერთგულებას ელის სანაცვლოდ“

 

აი, რა არის ცოცხალი ღმერთის უშუალოდ განცდა, ბავშვური გულის აღტაცება! – და რა შორს მოჩანს ეს ჩვენს სინამდვილეში! რამდენი გაიგებს, რატომ არის იესო ქრისტე მზე და ყველა ვარსკვლავი, რატომ ხარობს მისი ბავშვური იერი ყვავილებში, ქვებსა და ზღვაში?

რა დროს ეს არის! – ვნებისა და აღდგომის კვირები სისხლით შეგვიღება და დალეწილი თავპირ-სახსრებით შეგვიმკო ქრისტიანობის მფარველმა ხელისუფლებამ. „ყრმათა ჟლეტის“ სააღდგომო-დემოკრატიული ვარიანტი.

 

ჰო. მაშასადამე, რაკი ჩვენთან გაბატონებული წეს-წყობილება რაღაც ფეოდალური კაპიტალიზმის მსგავსი წარმონაქმნია, ბუნების დამცველთა მიმართ დაუფარავ სიძულვილს ერთნაირად აფრქვევენ მთავრობის წევრები და მდიდართა კლასის წარმომადგენლები, ამ დღეებში მობილიზებულად რომ იბრძვიან ახალგაზრდობის წინააღმდეგ რეპრესიული კანონის გატანისათვის.

განსაკუთრებით თვალში საცემია ტელევიზია „იმედის“ მფლობელის შემტევი ცინიზმი გარემოსდამცველთა მიმართ, რომელთაც ის საკუთარ სტუდიაში, მასთან ზედმიწევნით თანხმობაში მყოფი ჟურნალისტის წინაშე ომახიანად და დაცინვით უწოდებს ხან „ჩხიკვების დამცველებს“, ხან „დათვების მფარველებს“. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, მხოლოდ დარგობრივი განათლება და განუხრელი გამდიდრების ინსტინქტი როგორ აღარიბებს ადამიანის მსოფლგანცდას, რა უპატივცემულობით აღავსებს მას სამყაროს შემოქმედისა და მისი საკრალური ქმნილების – ბუნების მიმართ, რომელსაც ბ-ნ ბიზნესმენის მიერ აბუჩად აგდებული „ჩხიკვები“ და „დათვები“ ისევე სჭირდება, როგორც წყლის ლაღი დენა მდინარეებში. იგი, საქართველოს მთავრობასავით, თვლის, რომ უმჯობესია, ჩვენი ყველა მდინარე დაგუბდეს და აშმორდეს, ოღონდ კი გიგანტური თუ საშუალო ჰესები აიგოს და მიღებული ელექტროენერგია გაიყიდოს! ვისკენ წარიმართება გაყიდვით მიღებული ფული, მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის. ყველაფერი იყიდება, რასაც მოგება მოაქვს! აი, ბოლო ორი ხელისუფლების წმინდა დევიზი! მაგრამ მოგება ვისთვის, ან რის ხარჯზე? სჯობს ეს არ იკითხოთ, თუ არ გინდათ, რომ „გლობალური ომის პარტიის აგენტურად“ და მილიონერთა კლუბად გამოგაცხადონ!

ამ შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ ბიზნესმენს, რომელიც თანამედროვე ტექნოკრატთა ზოგადი სახეა და სწორედ ამიტომ იმსახურებს ყურადღებას, დაუღალავმა კომერციულმა საქმიანობამ, როგორც ჩანს, ყურადღების მიღმა დაატოვებინა კაცობრიობის მგრძნობიარე და საღად მოაზროვნე ნაწილის წუხილი ბუნების აჩქარებული ტემპით მიმდინარე განადგურების გამო; იმის გამო, რომ ჩვენს „უთვალავფერიან“ სამყაროს ერთმანეთის მიყოლებაზე უქრება ფერები და მცენარეების, ფრინველების, ცხოველების (მათ შორის, დათვების) და ზღვის ბინადართა მთელი სახეობები წითელი წიგნის უსასრულო სიაში იკავებენ ადგილს. გამქრალი და მომაკვდავი ფლორა-ფაუნით დახუნძლული წითელი წიგნები! – აი, რითი ეგებება კაცობრიობა სამყაროს შემოქმედის – ღვთის სიტყვისა და ძის – დაბრუნებას დედამიწაზე.

თუმცა, ამით რამდენ კაპიტალისტს ააღელვებთ დღევანდელ საქართველოში?

 

მაშასადამე, ისევ 2024 წლის 13 მაისია. მაგრამ უკვე ღამდება. ისევ ვზივარ და თავს ვაიძულებ, ეს წერილი დავამთავრო. და იმიტომ ვაიძულებ, რომ, როგორც უკვე არაერთხელ გაუწყეთ, გარეთ ახალგაზრდობის უზარმაზარი საპროტესტო მიტინგები უწყვეტად გრძელდება, რადგან ხელისუფლება იღებს კანონს, რომელსაც თავად „გამჭვირვალების“, საზოგადოება კი „აგენტების კანონს“ უწოდებს და სამართლიანადაც. რადგან აქ მთავარი ის არის, რომ უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფ და მისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, მაშასადამე, სამშობლოს მოღალატედ ცხადდება ყველა, ვინც კი საზღვარგარეთიდან იღებს ფინანსურ დახმარებას.

ეს კანონი არის დაგვირგვინება, ან ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა იმ დეჰუმანიზაციის გზაზე, რასაც თანდათან ადგებოდა „ქართული ოცნება“, რადგან მისი ერთმნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ განხეთქილების შეტანა საზოგადოებაში, რაც უდიდეს დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. საბოლოო მიზანი კი 35 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის გაუქმებაა, რადგან საზოგადოების სწორედ ამ სეგმენტშია დაგროვილი სამოქალაქო და პოლიტიკური განათლება, და სწორედ ეს, ფინანსურად დამოუკიდებელი სექტორი არის მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია ამხილოს და წინ აღუდგეს ხელისუფლებისა და მისი სხვადასხვა სტრუქტურების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს.

 

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დაემუხრუჭებინა პოლიტიკურად ზედმეტად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თუკი ისინი მეტისმეტად ერეოდნენ სახელმწიფოს საქმეებში, რაც ადვილად შეეძლო უკვე არსებული კანონმდებლობით, მან მთელი სექტორის მოსპობა განიზრახა. ო, როგორ გვაგონებს ეს ლენინის ცნობილ ფრაზას: „სჯობს მეტი დავხვრიტოთ, ვიდრე ნაკლები“. მართლაცდა, ეს კანონი მთელი თავისი სულისკვეთებით, ენით, განწყობით არის ადამიანისადმი მტრულად განწყობილი (ჯერ რამდენი ათასი ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე ამ ისედაც საყოველთაო უმუშევრობაში!) და ზუსტად იმეორებს სტალინის დროინდელი საბჭოთა ადმინისტრაციული დადგენილებების სტილს. ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ კანონის ერთ-ერთი პარაგრაფის მიხედვით, ყველას, ვისაც მოეპრიანება, შეუძლია, ესა თუ ის ორგანიზაცია დააბეზღოს და მოითხოვოს მისი გაკონტროლება. აი, 1937 წლის პრაქტიკის აღორძინება! როცა უდანაშაულო მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაბეზღებების მსხვერპლი ხდებოდა! მიღების შემდეგ ეს კანონი უეჭველად გაფართოვდება და სასუნთქ ადგილსაც აღარ დატოვებს! ამას გვამცნობს თუნდაც მხოლოდ „იმედისა“ და „პოსტივის“ ჩვენდამი მოძღვნილი ცილისმწამებლური გადაცემები.

 

ახალგაზრდობამ მაშინვე იგრძნო, რომ ისახავდა რა საბოლოო მიზნად არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციას, ამით „ქართული ოცნება“ რადიკალურად შორდებოდა დასავლეთს, გადადიოდა რუსეთისა და ჩინეთის ორბიტაზე და მაშასადამე, საბოლოოდ ყალიბდებოდა არადემოკრატიულ, რეპრესიულ ქვეყნად – ოლიგარქების, მილიონრებისა და მილიარდერების ნანატრ სავანედ. და ეს მაშინ, როცა მთელი 30 წლის მანძილზე თაობებს მომავლის ერთადერთ სურათს უხატავდნენ და ერთადერთ იდეას შთააგონებდნენ: შესვლას ევროკავშირსა და ნატოში. სხვა გამოსავალი და სხვა გზა პოლიტიკურ ელიტებს არასოდეს უხსენებიათ.

ამიტომ წალეკა მრავალათასიანმა მიტინგებმა თბილისის ქუჩები და შემოევლო მთავრობის სასახლეს, რომელსაც ძალიან სქელი კედლები აქვს და ხალხის გუგუნის ხმა ტრადიციულად ვერ აღწევს ხოლმე ტახტზე მსხდომი ადრესატების ყურამდე.

 

ისევ ვრთავ ტელევიზორს და საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ანადგურებენ ნიღბიანი, გადაცმული განგ­სტერები წელში გაწყვეტილი დედების მიერ ტანჯვით გაზრდილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობას, როგორ იგდებენ ფეხქვეშ უმწეო სხეულებს, როგორ ასკდება ზედ ათი, ოცი კაცი, როგორ გუდავენ, როგორ აგლეჯენ ყურებს, თმას, ლამის თავის კანი გადააძრონ, როგორ უსისხლიანებენ სახეს და როგორ უმსხვრევენ ხელფეხს, როგორ პირდაპირ სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის. აი, ცოცხალი დასაბუთება, თუ საით წავიდა საქართველო.

ჩვენ კი აი, ამ ქვეყნისათვის ვცემთ წიგნს „ღმერთი, ბუნება, ადამიანი“!

 

ეს სტუდენტები და ახალგაზრდები, ძირითადად, 90-იანი წლების შემდეგ დაიბადნენ, გაიზარდნენ უშუქობაში, უწყლობაში, შიმშილში. მათი უმეტესობის მშობლები, უპირატესად დედები, ქართულმა „დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“ აიძულა, სამშობლო და ოჯახი დაეტოვებინათ და შვილების სარჩენად დასავლეთში გადახვეწილიყვნენ. ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი შორს გადაკარგული დედების მონატრებაშია გაზრდილი. და ახლა არ უნდათ სამშობლოც დაკარგონ, ანუ დაკარგონ დამოუკიდებლობის პატარა მონაპოვარი თუ ილუზია, ერთადერთი, რითაც ამაყობდნენ (თუ ჩვენს ფეხბურთელებს და სხვა გამარჯვებულ სპორტსმენებს არ ჩავთვლით). თორემ ხელმოკლეობის წყევლა არასოდეს მოშორებიათ. სკოლებში მშიერ მოწაფეებს ლამის გული მისდით, ხელისუფლება კი, რომელსაც მხოლოდ პარლამენტში ორმოცდაშვიდამდე მილიონერი უზის, ბავშვებისთვის თითო ვაშლის უფასოდ დარიგების სურვილს არ ამჟღავნებს; სტუდენტი ბიჭი თავის შეყვარებულს ვერც კინოში და ვერც ჭიქა ყავაზე ვერ დაპატიჟებს. და ახლა მათ ეკეტებათ ერთადერთი სარკმელიც: შანსი, რომ რაიმენაირად ევროპაში წავიდნენ ან განათლების მისაღებად, ან სამუშაოდ, ან სამკურნალოდ, რადგან ევროპისა და ამერიკის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ერთსულოვნად აპროტესტებს „აგენტების კანონს“ და საქართველოს სრულ იზოლაციას უწინასწარმეტყველებს.

გულუბრყვილო ადამიანი ალბათ იკითხავს, ეს ყველაფერი რა კავშირშია შესავალთან წიგნისთვის „ღმერთი, ბუნება, ადამიანი“-ო. რა კავშირშია და პირდაპირში, ჩემო მეგობარო! რადგან ბუნების ნამდვილი მტერი უბრალოდ ტექნოკრატია კი არა, არამედ ყველანაირი ველური კაპიტალიზმი და დიქტატორული რეჟიმია! ამიტომ არის, ამ ფენომენებს ჭირის დღესავით რომ სძულთ ბუნების დამცველები! ტექნოკრატიული ცნობიერება თავისი არსით ღვთისმგმობელური, მაშასადმე, არაშემოქმედებითია. მისი ფანტაზია მწირია, ამიტომ გამდიდრება მხოლოდ მზამზარეული ნედლეულით – ღმერთის მიერ შექმნილი ბუნების უმოწყალო ექსპლოატაციით შეუძლია: მდინარეც, ზღვაც, მთაც, წიაღისეულიც, კოსმოსიც ტექნოკრატთა ლეგიონების მსხვერპლი ხდება.

 

არ გჯერათ? აბა, მისმინეთ! მდინარე ვერეს თავგადასავალი ნათქვამის ზუსტ ილუსტრაციად გამოდგება:

 

2010 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო ბრძა­ნებით გადაწყდა ახალი გზის გაყვანა გმირთა მოედნიდან საბურთალომდე. ამ გადაწყვეტილებას არცერთი პროფესიონალი არ ეთანხმებოდა, რადგან ბუნების დიდ ნგრევასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ მაკრო და მიკროდიქტატორებს ჰგონიათ, რომ ბუნებაც მათ ემორჩილება. ნახევარი წლის განმავლობაში აფეთქებდნენ და ხერხავდნენ ლამის ორკილომეტრიან მთა-ქედს. და ეს შემზარავი იყო. ჩამოახერხეს თითქმის მესამედი მთელ სიგრძეზე. მდინარე ვერე გამოამწყვდიეს გვირაბში, ერთ გვირაბში უკვე გამომწყვდეული იყო საბჭოთა დროს, და დააბეტონეს. ასე რომ ჩემი საყვარელი მდინარე, უბრალოდ, გაქრა. დარჩენილი მთის ძირას გაიყვანეს ახალი გზა და იზეიმეს. გავიდა 5 წელი.

და სწორედ 13 ივნისს, რომელსაც ახლა ერთი თვე გვაშორებს, მდინარე ვერე ადიდდა, წამოიღო შორიდან მიწის დიდი მასა და რადგან გვირაბებში ვერ გაიარა, ვერც ბეტონის სარკოფაგში შეეტია, ყველაფერს ზემოდან გადაუარა: შევარდა სვანიძის ქუჩაზე ეზოებში, წყლით გაავსო ორსართულიანი სახლები, იქვე დაახრჩო ადამიანები, ზოგი გაიტაცა და მტკვრამდე ჩაათრია, დაახრჩო ცხოველები ზოოპარკში, ზოგმა, მათ შორის ბეჰემოტმა და ვეფხვმა გაქცევა მოახერხეს. შემდეგ ვეფხვმა კაცი დაფლითა. საკუთარი თვალებით ვუყურებდი ამ წარღვნას ჩემი დიდი ფანჯრიდან: როგორ მიჰქონდა გაგიჟებულ ღვარცოფს ავტოები და ავტოფარეხები, დაბეტონებული მდინარის პირას მოგვიანებით ჩადგმული პატარა სახლები და ადამიანები. „აპოკალიფსის მცირე რეპეტიცია“, – გამიელვა თავში. 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შეყვარებული წყვილი, ერთი ახალგაზრდა შლამმა და მიწამ შთანთქა და ვეღარ იპოვეს. დედაქალაქის მერი და მისი ამალა მოგვიანებით და აუჩქარებლად გამოჩნდნენ, ძალიან დაიგვიანა ყველანაირმა მაშველმა სამსახურმა, რისი შედეგიც იყო ამხელა მსხვერპლი. სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც წყალმა თავის ბინაში მოიმწყვდია, გადარჩა, მაგრამ ჭკუიდან შეიშალა და მერე ფსიქიატრიულ კლინიკაში დალია სული.

გამანადგურებელი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დარჩენილი ტალახისა და შლამის უზარმაზარი მასა თბილისელი ახალგაზრდების, ძირითადად, სტუდენტების გასატანი გახდა. ჩვენი უცხოელი თანამოქალაქე­ებიც ერთგულად ჩაებნენ საერთო-სახალხო შრომაში.

მაშინ ამ ახალგაზრდებს „ვერედალეულები“ ეწოდათ რაღაც ბუნდოვანი იმედით, რომ ეს ენთუზიაზმი არ ჩაქრებოდა და რაღაცა სახის გარემოსდაცვით მოძრაობად გადაიქცეოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

 

არავითარი გამოძიება არ წარმოებულა ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზების დადგენის მიზნით. პროექტის ავტორებიდან და მშენებელ-ინჟინრებიდან არავინ დასჯილა. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დარჩენილი ხეობა, რეკრეაციულ ზონად გადაექციათ, თანდათან იქ შენობების ჩადგმას მოუმატეს. ჩამოხერხილი მთიდან მის მთელ სიგრძეზე განუწყვეტლივ ცვივა ლოდები თუ ქვა-ღორღი და მანქანებს ეცემა. გაუთავებლად ჰკიდებენ მთაზე ბადეებს, მაგრამ ბადეები ლოდებს ვერ იჭერს: აი, ეს არის საქართველოს „ახალი გზა“ – სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი, ერთი ეკოლოგიური თუ პოლიტიკური კატასტროფიდან მეორისაკენ რომ მიემართება.

 

უკვე 14 მაისია.

 

როგორ მინდოდა, ღმერთო, რაღაც სულ სხვანაირი შესავალი დამეწერა. უფრო ამაღლებული, ამ წიგნის – „ღმერთი, ბუნება, ადამიანი“ – სულისკვეთების შესაბამისი.

მაგრამ ჩემი სამშობლო ისევ ირყევა და ნაპრალდება. ვის ხელში ჩავარდება სამოთხესავით ლამაზი მისი ბუნება? რა დარჩებათ ამ ახალგაზრდებს?

და ისევ მას მივმართავ, ჩვენს უდიდეს პოეტს და ისევ და ისევ გადმომეცემა მისგან უშრეტი ნათელი:

„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად

მტერთად,

ვინ არს ძალთა მეცნიერი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი                                                                                                        ღმერთად,

იგი გაჰხდის წამისყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად“.

 

სხვა ვინ და რა უნდა იყოს მხნეობისა და იმედის საწინდარი ჩვენს ჩუმ შრომაში ყოველივე მშვენიერისა და ღირებულის გადასარჩენად, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი ასე დაუნდობლად გვიპირისპირდებიან?

 

აი, ამ პირობებში გამოდის დიდ პიროვნებათა ნააზრევის შემცველი ჩვენი „მწვანე“ კრებული, რომელიც უსასრულოდ ზრდის ადამიანური ღირსების გაგებას იმით, რომ მოუწოდებს ჰომო საპიენსს, არა მხოლოდ მოყვასის მიმართ ატაროს პასუხისმგებლობა, არამედ ჩვენი უმცროსი დებისა და ძმების: ცხოველების, ნადირ-ფრინველისა თუ მცენარეების მიმართაც, რომლებიც ღმერთმა ჩვენზე ადრე გააჩინა ამ დედამიწაზე.

 

13-14 მაისი, 2024 წელი.

Facebook
Twitter
LinkedIn