[vc_row][vc_column][vc_column_text]დღეს, 26 იანვარს ქ. კიევში დაიწყო ,,კავკასიური სახლის“ მიერ ორგანიზებული ქართველი ექსპერტების ვიზიტი უკრაინაში. 26-29 იანვრის განმავლობაში დაგეგმილია საჯარო ლექციების, მრგვალი მაგიდების, ასევე, უკრაინის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა.
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გამოცდილების გაზიარება, უკრაინისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ამასთან, უშუალოდ ადგილობრივი არასამთავრობო და ანალიტიკური წრეებისგან ინფორმაციის მიღება უკრაინაში უკანასკნელ პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
26 იანვარს ,,კავკასიური სახლის“ და უკრაინაში მისი პარტნიორი ორგანიზაციის – ,,მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით ქ. კიევში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: ,,უკრაინა–რუსეთი: მშვიდობიანი თანაარსებობის პირობები“. მომხსენებლები არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2009 წლებში – ვოლოდიმირ ოგრიზკო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 1991-1993 წლებში – გიორგი კუნაძე.
27 იანვარს კი იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებისა და საგადასახადო რეფორმის განხილვის მიზნით მოეწყობა ქართველი და უკრაინელი ექსპერტების „მრგვალი მაგიდა“. საქართველოს მხრიდან, იძულებით გადაადგილებულ პირების პრობლემებზე ისაუბრებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობის“ თავჯდომარე, იულია ხარაშვილი. ხოლო საგადასახადო რეფორმაზე უკრაინულ ანალიტიკურ საზოგადოებას გამოცდილებას გაუზიარებს საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ბატონი სამსონ ურიდია. ასევე, მოხსენებებით წარდგებიან აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე უკრაინელი ექსპერტები და შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
უკრაინაში შექმნილი სიტუაციის უფრო სრულყოფილი მოკლვლევის მიზნით, 28-29 იანვარს დაგეგმილია ,,კავკასიური სახლის“ წარმომადგენლების, გიორგი კანაშვილისა და ტატო ხუნდაძის ვიზიტი ქ. ოდესაში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება როგორც „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ოდესის ფილიალის“, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია, ქ. ოდესაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კვლევით ცენტრებთან კავშირების დამყარება. შეხვედრების დროს ასევე განიხილება, სამოქალაქო დონეზე სამშვიდობო დიალოგის პროცესში რეგიონების ჩართვის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ექსპერტების ვიზიტი უკრაინაში იმართება ,,კავკასიური სახლის“ პროექტის ,,უკრაინა–გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn