ჩვენო მეგობრებო, ”კავკასიური სახლის” გულშემატკივრებო, გვინდა თქვენ და მთელ ჩვენს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 15 წლიანი ბრძოლა ”კავკასიური სახლისთვის” დამთავრდა! და დამთავრდა ყველასთვის სასიკეთოდ და სასიხარულოდ, რადგან ეს სახლი ყოველთვის იყო საზოგადოების კუთვნილება და დაარსების დღიდან საზოგადოებას ემსახურებოდა.

გულითადი მადლობა ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც 2010 წლის ზაფხულში, ჩვენთვის უმძიმეს პერიოდში გვერდით გვედგა. მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ – წაერთმია ”კავკასიური სახლისთვის” მეგობარი ევროპული ფონდის მიერ რესტავრირებულ-რეკონსტრუირებული შენობა და გადაეცა იგი საეჭვო ძალებისათვის, – საზოგადოების საერთო აღშფოთება გამოიწვია. პროტესტს გამოთქვამდნენ მეცნიერები, ახალგაზრდები, ბავშვები, დევნილები, ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლები, კავკასიელი და ევროპელ-ამერიკელი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ყველა, ვისაც ოდესმე უთანამშრომლია ”კავკასიურ სახლთან”.
რომ არა თქვენი ერთგულება, არავინ უწყის, რა ბედი ელოდა ორგანიზაციას, რომელიც 1973 წლიდან არსებობდა როგორც მთარგმნელობითი ცენტრი, ხოლო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ემსახურება ბავშვებისა და ახალგაზრდების უფასო განათლებას, შიდაკავკასიურ სამშვიდობო დიალოგს, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენას, პროფესიული თარგმანის საქმეს და სხვა.

2016 წლის 17 თებერვალს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ა.ა.ი.პ. ”კულტურულ ურთიერთობა ცენტრი – კავკასიურ სახლსა” და ეკონომიკის სამინისტროს შორის, რომლის საფუძველზე ჩვენი ორგანიზაციის უზურფრუქტით სარგებლობაში გადმოდის გალაკტიონ ტაბიძის 20 ნომერში მდებარე შენობის დიდი ნაწილი.
მადლობას ვუხდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც წერტილი დაუსვეს ამდენი ხნის უსამართლობას, უამრავი დრო და ადამიანთა სასიცოცხლო ენერგია რომ შეიწირა.

ძვირფასო მეგობრებო, იმედი გვაქვს, კვლავაც უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენთან ერთად.

”კავკასიური სახლის” თანამშრომლები
22 თებერვალი, 2016 წელი

Facebook
Twitter
LinkedIn