[vc_row][vc_column][vc_column_text]ბატონო პრეზიდენტო!

თანამოქალაქენო!

სამართლიანი სასამართლოს მოსურნენო!

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები და ცალკეული მოქალაქეები, ვთვლით, რომ საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ჩამოყალიბდეს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის რეალური გარანტი იქნება.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთო სასამართლო სისტემების სრულფასოვანი, სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული რეფორმებისათვის მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარის შერჩევა.

 

ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე, უკიდურესს აუცილებლობას წარმოადგენს, სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ შეირჩეს  პატიოსანი, სიღრმისეული ცოდნისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირი, რომლის საქმიანობაც არ იქნება დაკავშირებული რომელიმე მხარის ინტერესებთან და რომლის უმწიკვლო რეპუტაციის წყალობით  შესაძლებელი გახდება სასამართლო სისტემის მიმართ წლების განმავლობაში საზოგადოებაში დაგროვილი ნიჰლიზმის, იმედგაცრუებისა და უნდობლობის გაქარწყლება. ეს ხელს შეუწყობს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

წინა წლებში სწორედ სასამართლო გვევლინებოდა მმრთველი პოლიტიკური ელიტისა და მასთან ასოცირებული ჯგუფების ინტერესების გამტარებლად და შესაბამისად, არ ითვალისწინებდა ან უმეტეს შემთხვევაში, იგნორირებას უკეთებდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს.

 

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პორფესორი ანა დოლიძე.

 

საზოგადოებას ანა დოლიძე ახსოვს, როგორც ცნობილი იურისტი და უფელბადამცველი, იგი 2004 -2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში ერთ-ერთი პირველი, ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად, სწოედ ანა დოლიძე გახლდათ.

 

აღსანიშნავია მისი პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისხლის სამართალში მხარეთა თანასწორობის, ბრალდებულთა უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ცნობილია ასევე მისი სამართლიანი პოზიცია საკუთრების გარანტიის, სასჯელაღსრულებითი სისტემის გამჭვირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მრავალ საჯარო საქმეზე.

 

ანა დოლიძე გამოირჩევა პორფესიონალიზმითა და უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაციით. მას მიღებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, კორნელის უნივერსიტეტისაგან, სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდანის და სამართლის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან.

ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;  ატარებს ლექციებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში.

 

მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა, ანა დოლიძე აქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე და მხოლოდ პორფესიულ-იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა; არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფთან.

 

იგი განსაკუთრებით კარგად იცნობს საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების იურიდიულ პრაქტიკას.

 

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო თანამოქალაქენო, მოგმართავთ თხოვნით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილოთ ანა დოლიძის კანდიდატურა.

 

მიგვაჩნია, რომ ანა დოლიძე შეძლებს უზენაესი სასამართლოს შეცვლას მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების გათვალისწინებით და რაც მთავარია, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების სისტემას სანდოს გახდის.

 

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწიოთ ანა დოლიძის კანდიდატურას პარლამენტის წინაშე.

 

პატივისცემით,

 

 

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლი”

სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn