[vc_row][vc_column][vc_column_text]19 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის: „სალამი მავთულხლართებიდან“ პრემიერა.
ფილმში გადმოცემულია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, მათი ყოფითი პრობლემები და სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან როგორც გამყოფი ზოლის აქეთ, ისე მის მიღმა დარჩენილი ადამიანები.
პრემიერამდე მოკლე მიმოხილვით წარსდგნენ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი – თომა ჩაგელიშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედესი, გორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ჩიტაძე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგო აფციაური.
თომა ჩაგელიშვილმა მოხსენებისას აღნიშნა, რომ ფილმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, რადგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, უკრაინის კრიზისი ფონზე, საქართველოს მიმართ მოდუნებულია. ამიტომ წარმოდგენილი ფილმი კიდევ ერთხელ მოახდენს იმ რეალობის შეხსენებასა და დაფიქსირებას, რაც დღეს ზოგადად საქართველოში, კერძოდ კი საოკუპაციო ზოლთან გვაქვს.
ფილმი გადაღებულია “კავკასიური სახლის” პროექტის “ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. [/vc_column_text][/vc_column][/vc_row]