[vc_row][vc_column][vc_column_text],,კავკასიური სახლი” ეხმიანება პროექტ www.damoukidebloba.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას “რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე”, რომლის მიხედვითაც, “კავკასიური სახლი” აქტიურად თანამშრომლობს რუსული რბილი ძალის გამტარებელ „გორჩაკოვის ფონდთან“.
“კავკასიური სახლი” არის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი სამშვიდობო ორგანიზაცია, რომელიც უკვე ათწლეულებია მუშაობს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშემწყობ ინიციატივებზე, სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო დიალოგში, მჭიდრო კავშირები ჰქონდა და დღემდე ინარჩუნებს ჩრდილოეთ კავკასიასთან; როდესაც საქართველოში ცოტა თუ ინტერესდებოდა მთის გადაღმა დატრიალებული ტრაგედიით „კავკასიური სახლი“ – იღებდა, აბინავებდა და აპურებდა ჩეჩენ დევნილებს. ამის გამო რუსული მედიის მიერ რამოდენიმეჯერ ტერორიზმის ბუდედაც კი იყო მონათლული.
მეორე მხრივ, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, ის ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთსა და საქართველოს შორის რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგს, სამოქალაქო დიპლომატიასა და საგანმანათლებლო პროგრამებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უახლესმა ისტორიამ ცხადჰყო ამგვარი მიდგომის უალტერნატივობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ,,კავკასიური სახლისთვის” გასაკვირია და სრულიად მიუღებელი, მისი რაიმე სახით ასოცირება პრორუსული რიტორიკითა თუ აქტივობებით გამორჩეულ ორგანიზაციებთან; მითუმეტეს აბსურდულია, მისი რაიმე სახის კავშირი „საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ თანამედროვე და ისტორიულ ფაქტებთან“, როგორც ეს პროექტის აღწერაშია აღნიშნული.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოებისათვის ესოდენ მგრძნობიარე საკითხის კვლევისას, ავტორებმა ვერ/არ გაითვალისწინეს ჩვენი ორგანიზაციის წვლილი, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფი თუ ინდივიდუალური პირი, ახდენს ვინმეს რაიმე სახით მხილებას, (ამ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნა) ეს უკავშირდება ძალიან დიდ ადამიანურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რაც, ვფიქრობთ, დასახელებული კვლევისას ნაკლებად იყო გათვალისწინებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ ის სივრცე, საითკენაც საქართველო მიზანმიმართულად მიდის, ვგულისხმობთ ევროპული ტიპის სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალია ნებისმიერი სახის სტიგმისა და სააზროვნო შეზღუდვებისგან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]