[vc_row][vc_column][vc_column_text]კვირას, 29 მარტს ,,კავკასიური  სახლის“ შაბათ-კვირის მრავალეროვან სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა მე-20, საიუბილეო ნაკადის გამოსაშვები ზეიმი.
პროგრამა მრავალფეროვანი იყო, იგი დაიწყო ლიტერატურული სპექტაკლით ,,კაცო, გიყვარდეს!“ – რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით იყო დადგმული, მასში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. წარმოდგენა კოსტუმირებული იყო.
სპექტაკლს მოჰყვა საკონცერტო პროგრამა. სკოლაში შესწავლილ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებდნენ მოსწავლეები.

შემდეგ მოეწყო ბავშვების მიერ გადაღებული ე.წ. ახალი ამბების (,,შიკრიკი“) რამდენიმე გამოშვების ჩვენება. ,,ახალი ამბების“ გამოშვებები სკოლის  ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავდნენ.

ამის მერე, მოსწავლე გოგონებმა პოდიუმზე წარმოადგინეს ხელთნაკეთი, ლამაზი ცელოფნის კაბები, რომლებმაც მაყურებელთა დიდი ოვაცია დაიმსახურა.
ზეიმს ესწრებოდნენ წინა გამოშვების მოზარდები. მათ სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ფერადი ბუკლეტები, საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს სკოლის კურსდამთავრებულებს.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა ,,კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა. მან მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დამთავრება, უსურვა წარმატებები და აღუთქვა, რომ სკოლა ყოველთვის მათ გვერდზეა, როცა ამის საჭიროება ექნებათ.

მშობლებმა მადლობა გადაუხადეს სკოლას იმ სიკეთეების გამო, რაც მათმა შვილებმა მიიღეს.

გამოშვება დამთავრდა ალაფურშეტით, სადაც გაჭრეს სკოლის ლოგოთი და წარწერით დამშვენებული ტორტი.

პროექტს აფინანსებს ევროპული ფონდი ,,ჰორიზონტი”[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

Facebook
Twitter
LinkedIn