15 აპრილს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO)ინიციატივით, ,,კავკასიურ სახლთან ერთად, გაიმართა ვიდეოკონფერენცია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე.

ვიდეოკონფერციის დროს რუსმა და ქართველმა ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და შესაძლო განვითარების სცენარებზე.

საქართველოს მხრიდან მოხსენებით წარდგა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი გობრონიძე. მოხსენება შეეხებოდა ,,საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებს“, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ავტორმა შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერორისტული აქტების მიზეზები და მიზნები, და შეეცადა არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ იქნება საქართველო საერთაშორისო ტერორისტების სამიზნე.
ქართული მოხსენებებიდან მომდევნო შეეხებოდა ,,საქართველოში მუსლიმური თემის ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებს პანკისის ხეობის მაგალითზე“. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ,,კავკასიური სახლის“ თანამშრომელმა მაია ურუშაძემ. მისი მოხსენება ეფუძნებოდა ,,კავკაისური სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობის მოსახლეობაში არსებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე. ასევე, საუბრისას ავტორმა ხაზი გაუსვა მედიის უარყოფით როლზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარების გაშუქებისას და საერთაშორისო აქტორების მიერ ხეობისთვის ,,იარლიყების მიწებების“ ნეგატიურ ასპექტებზე.

საქართველოს მხრიდან ბოლო მოხსენება შეეხებოდა ,,რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორას და მის როლზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“. მოხსენებით წარდგა ,,კავკასიური სახლის“ მკვლევარი მარიამ გაჩეჩილაძე, რომელმაც გაანალიზა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა 2004 წლიდან 2012 წლამდე და ისაუბრა ძირითად ტენდენციებსა და კვლევის მიგნებებზე.

რუსეთის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტი ს. მარკედონოვი, მოხსენებით ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საზღვრები ,,წითელი ხაზების გათვალისწინებით“,მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კავკასიის და რეგიონალური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ნ. სილაევი, მოხსენებით „საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სისტემის განვითარების პერსპექტივები“. ასევე, მოხსენებები გააკეთეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ასპირანტმა ა. დიოკტევიმ, თემაზე: ,,საქართველოს ეკონომიკა ურთიერთდაპირისპირებული რეგიონალური აქტორების კონტექსტში“ და  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) ქართული კლუბის წევრმა ზ. შავლიძემმოხსენებით ,,საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში“.

მოხსენებების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის  (MGIMO) სტუდენტებსა და ქართული დიასპორიდან მოწვეულ წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაესვათ კითხვები მომხსენებლებისთვის და გამოეთქვათ მოსაზრებები.

ღონისძიება გაიმართა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) სამეცნიერო სტუდენტური საზოგადოების ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის გლობალური პრობლემების შესწავლის ცენტრის ანალიტიკოსის ალექსეი ტოკარევის და ქართული კლუბის მხარდაჭერით.

Facebook
Twitter
LinkedIn