დედამიწაზე აღმართულია სიკვდილის ცელი, რომელიც ერთი მოსმით ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს მუსრავს. ამ სიკვდილს თესს უცნობი ვირუსი, რომლის წინააღმდეგ ჯერ წამალი არ მოიპოვება და რომლის შესწავლა ახლაღა დაიწყეს მსოფლიოს სამეცნიერო წრეებმა.
განსაცდელი ძალიან დიდია.
ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ძალებით, საკუთარი ცოდნით, გამოცდილებითა და ბრძოლის უნარიანობით გაუმკლავდეს უმოწყალო მტერს, და აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და თავდადება, ხელისუფლების ადექვატური და სწრაფი რეაგირება და მოქალაქეთა შეგნება.
იმ ქვეყნებში (და ეს ყველაზე წარმატებული და მდიდარი ქვეყნებია), სადაც ეს ფაქტორები დროულად და შეთანხმებულად არ ამოქმედდა, ჯოჯოხეთი დატრიალდა:
ჩვენ დიდი მწუხარებით შევცქერით, თუ როგორ მასობრივად იღუპებიან ადამიანები იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა თუ ამერიკაში, როგორი გადავსებულია მორგები და როგორ დაუტირებლად ებარებიან მიწას პოლიეთილენის ჰერმეტიულ ტომრებში გახვეული გარდაცვლილები, რომლებსაც მათი მკურნალებისა და მომვლელების სახის დანახვაც კი არ ეღირსათ.
ხოლო ჩვენ აქამდე მინიმალური დანაკარგებით მოვედით და ეს პირველ რიგში იმის წყალობით, რომ საქართველოს აღმოაჩნდა ნამდვილი (და დაუფასებელი) განძი: უმაღლესი რანგის ექიმ- ეპიდემიოლოგთა, ვირუსოლოგთა და ინფექციონისტთა გამოცდილი რაზმი, რომელმაც წარმატებით მოიგერია უხილავი მტრის პირველი იერიშები. და მოიგერია საქართველოს ხელისუფლების დიდი ხელშეწყობით, რომელმაც მაშინვე გაიაზრა უდიდესი საფრთხე და მედიკოსთა ყველა რჩევა გაიზიარა.
საქართველოს ისტორიაში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებენ ეს ადამიანები: მრავალწლიანი ტრადიციების მქონე, მსოფლიოში სახელგანთქმული ინფექციონისტური და ეპიდემიოლოგიური სკოლების დიდი წარმომადგენლები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკებისა თუ უყურადღებოდ მიგდებული სასოფლო ამბულატორიების თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ თავგანწირვით მუშაობა უმაღლეს პროფესიულ დონეზე. მათ შესძლეს ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენცია და ათეულობით ავადმყოფის განკურნება.
საქართველოს ამ წარმატებას აღიარებს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. დიახ, სწორედ სამედიცინო პერსონალის თავგანწირვის ხარჯზე ჯერჯერობით თავიდან ავიცილეთ ის ტრაგიკული შედეგები, რომელთაც უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფის პირას მიიყვანეს.
რა სასიხარულოა, რომ ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ვიხილეთ მმართველები, რომლებიც (თუნდაც დროებით) მხოლოდ თავიანთი პარტიის რეიტინგითა და ფინანსური შემოსავლებით არ არიან დაინტერესებულნი; ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ძალაუფლების მქონე პირები ზედმიწევნით ასრულებენ პროფესიონალ მედიკოსთა მითითებებსა და მოთხოვნებს.
სიამაყითა და მადლიერებით ვაკვირდებით ასევე ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მაშველებს, რომლებიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იცავენ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. სამოქალაქო გმირობის მაგალითს გვაძლევენ გლეხები და მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები, რომლებიც გაუარესებული შრომითი პირობების მიუხედავად არ გვიმეტებენ შიმშილისათვის;
თითქოს მთელი ქვეყანა საერთო მიზნით არის გაერთიანებული, თითქოს ძნელბედობის ჟამს მაინც მივაღწიეთ ეროვნულ კონსოლიდაციას.
მაგრამ არა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც გამოჩნდნენ ისეთი შავბნელი ძალები, რომლებმაც ჩვენთვის თავდადებული ექიმების წინააღმდეგ გაილაშქრეს, შეურაცხყოფა მიაყენეს მათ; ნერვები მოუშალეს ოცდაოთხსაათიანი (და ამავე დროს საშიში) შრომით უკვე ქანცგაწყვეტილ ადამიანებს. ფეხით გაქელეს მათი გაფრთხილებები და მოწოდებები.
ეს გამაოგნებელი, ყოველგვარ ადამიანურობას მოკლებული დარტყმები თუ ფსევდოქრისტიანული საბოტაჟი წამოვიდა შავრაზმელ პოლიტიკოსთა (ნაციონალური მოძრაობა და სხვ.) და შავრაზმელ სასულიერო პირთა მხრიდან.
ეს უკანასკნელნი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ ანაფორიანი პირების საქმის გამგრძელებლებად, რომელთაც წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრიეს, წმინდანად შერაცხულ მონარქს – დავით აღმაშენებელს რუის-ურბნისის კრების მოწვევისა და საეკლესიო დასის რეპრესიებისკენ უბიძგეს, თამარ მეფეს უსიყვარულოდ დაქორწინება აიძულეს, „ვეფხისტყაოსანი“ საჯაროდ დაწვეს, იმპერიის მოგზავნილ ეგზარქოსებს ქართული ტაძრების გადათეთრებაში დახმარების ხელი გაუწოდეს და პატრიარქი კირიონ მეორე სიკვდილამდე მიიყვანეს.
და როგორ იქცევა დღეს, ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, ეს სამღვდელოება, რომელსაც ადამიანის სიცოცხლეზე უფრო დიდ ღირებულებად თავისი „შაბათი“, თავისი რიტუალი და ეკლესიის შენობა მიაჩნია? რომელსაც არც გაუგია და არც განუცდია, რომ ამ სამყაროში უპირველესი ტაძარი ადამიანის სხეულია, რომელში ღვთის წმინდა სული ასხია?
ინფექციის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სამი ადამიანის ერთად შეკრებაც კი კანონგარეშე მოვლენად სცნო და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. დაწესდა საკომენდანტო საათიც. ქალაქები დაცარიელდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ რამდენიმე მოქალაქის ერთ სივრცეში ორიოდ წუთით თავმოყრაც კი ასობით ადამიანისთვის შეიძლება იქცეს საბედისწერო განაჩენად. ოფიციალური სტრუქტურების მიერ სპეციალური ზომების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში თბილისის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღოლმა ქალაქის ცენტრში, წირვაზე 2000 ადამიანის შეკრების პირობა დადო. თავისი მრევლის წევრებს კი შეახსენა, რომ სააღდგომო ლიტურგიის გაცდენა, მაშასადამე, მცირედმორწმუნეობა ღმერთთან შეხვედრის დროს ძვირად შეიძლება დაუჯდეთ და პირდაპირ ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ღიად ამბობენ, რომ ეკლესიის ადმინისტრაცია კანონზე მაღლა დგას. ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ საერთო წესებს და სააღდგომოდ მრავალრიცხოვან შეკრებებს გეგმავენ.
სულ ცოტა ხანში ეპიდემია პიკს მიაღწევს. ექიმების რეკომენდაციით ქალაქში ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. სასულიერო პირებმა მედიდურად გამოაცხადეს, რომ აღნიშნული რეგულაცია მათზე არ ვრცელდება. ისინი კვლავინდებურად, ამჟამად უფრო თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებით (ლოგოზეც კი არ აქვთ გამოსახული სახედარი, რომელმაც იესო იერუსალიმში შეიყვანა).
აღდგომის დღესასწაული მრავალი მოქალაქის შეუგნებლობისა და ეგოცენტრული იმპულსების გამო საფრთხის შემცველად იქცა.
დაღლილ-დაქანცული, გასავათებული მედიკოსები უკანასკნელ ძალებს იკრებენ, მონაწილეობენ სატელევიზიო გადაცემებში და ხალხს ემუდარებიან, რომ სააღდგომოდ სახლებში ილოცონ, უარი თქვან ტაძრებში შეკრებაზე. პროფესიონალები შიშით შეგვახსენებენ, რომ სოციალური იზოლაციის უგულვებელყოფას ჩვენთან შეიძლება იტალიისა და ესპანეთის სცენარის განმეორება მოჰყვეს. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ექიმებს ხომ არც საწოლები, არც შესაბამისი ტექნიკა, არც მედიკამენტები აღარ ჰყოფნით ასობით მომაკვდავი ადამიანის გადასარჩენად.
ამ მოწოდებების გავრცელებიდან მეორე დღეს ექიმებს გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. მეუფე იაკობის შთამაგონებელი ქადაგება არავის ახსოვს. ის – ეკლესიის ერთ-ერთი ფეოდალი- ყოველთვის ყველას ემუქრება. ხან მთავრობას აშინებს დამხობით, ხან სინოდის სხვა წევრებს უწინასწარმეტყველებს წოდების ჩამორთმევას, ხან კაპიტოლიუმის ბორცვზე პოზირებს ყველაზე უღირსი ქართული ტელევიზიის მიკროფონთან, ხან კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აძლევს ინტერვიუს პირდაპირ ეთერში. ამჟამადაც, ტრადიციისამებრ იმოქმედა ბოდბელმა მღვდელმთავარმა. უპირველესად, მან ექიმებს მრევლისთვის რეკომენდაციების გაცემა აუკრძალა და უბრძანა: „გირჩევნიათ თქვენს საქმეს მიხედოთო“ (!). მოგვიანებით მთავარეპისკოპოსმა უარესიც იკადრა. ის ჟურნალისტების წინაშე ამტკიცებდა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეალურ მონაცემებს მალავს და ხალხს ატყუებს. იაკობ იაკობაშვილის აზრით, საქართველოში Covid 19-ით დაავადებულ და გარდაცვლილ ათეულობით ადამიანს მალავენ, არ აღრიცხავენ მათ მონაცემებს. აღდგომის შემდეგ კი ერთბაშად გამოაცხადებენ საგანგებოდ გაზრდილ სტატისტიკას, რათა ამაში საქართველოს ეკლესიას დასდონ ბრალი და საფუძველი შეურყიონ საპატრიარქოს ავტორიტეტს.
მადლობა ღმერთს, რომ შავრაზმელთა გარდა ეკლესიაში სხვა ეპისკოპოსებიც მოღვაწეობენ. განსაკუთრებით დასაფასებელია ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტ ესაიას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესა და სხვათა მიერ გამოვლენილი სიმამაცე. მათ განაცხადეს, რომ საზეიმო წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ და სულიერ შვილებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
სამწუხაროდ, პრაგმატულობითა და პოლიტიკური ალღოთი გამორჩეულ, ხელისუფლებებთან მოლაპარაკებებში დაოსტატებულ მოხუც მწყემსმთავარს, როგორც ჩანს, აღარ შესწევს ძალა იმისათვის, რომ შავრაზმელთა თვითნებობა დააბალანსოს და ეპიდემიის მასობრივი გავრცელებისგან იხსნას თავისი მრევლი.
„კავკასიური სახლი“ მოგიწოდებთ ყველას მკურნალთა უმკაცრესი რეკომენდაციების შესრულებისკენ, რათა ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე სიკვდილმა არ იზეიმოს.
ნუ დაუჯერებთ შავრაზმელ მღვდლებს, ადამიანთა სიცოცხლე ჩირად რომ არ უღირთ! ნუ დაუჯერებთ ოდიოზური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, წინასაარჩევნოდ ეკლესიის გულის მოგებას რომ ცდილობენ და ობსტრუქციას უწყობენ სახელმწიფოს! ნუ დაუჯერებთ უპასუხისმგებლო ტელეარხებს!
დაუჯერეთ იესო ქრისტეს, რომელსაც წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი, და სახარების შემოქმედებით, თავისუფალ სულს, ყოველგვარ ფანატიზმს, ფარისევლობასა და სულიერ შეზღუდულობას რომ ამხელს („როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ… შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.“ მათე, 6:5,6).
და დაუჯერეთ ჩვენთვის თავგანწირულ ექიმებს, რომლებიც ახლა მოწყალე ღმერთის ნებას აღასრულებენ.
„კავკასიური სახლი“ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:
დღეს ეკლესია ჩვენს სახლებშია. დარჩით შინ!
ქრისტე აღსდგა!
ნაირა გელაშვილი, „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე
გიორგი ლობჟანიძე, გამგეობის წევრი
ლევან ლორთქიფანიძე, გამგეობის წევრი
თეა გალდავა, გამგეობის წევრი
ივანე აბრამაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი